12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 50 წლის მამაკაცი, რომელიც ათი წლის ბავშვზე არაერთხელ იყო სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, უდანაშაულოდ ცნო. არასრულწლოვნის დედა მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლოსა თუ სახელმწიფო ადვოკატს მიკერძოებაში ადანაშაულებს. მას მიაჩნია, რომ ასეთი დანაშაულები დაუსჯელობის გამო შეიძლება განმეორდეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ა ნაწილით განიხილება, რომელიც 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ჩადენას გულისხმობს. დანაშაული თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ყოფილი ბრალდებული, 50 წლის მამაკაცი, ქურდობისთვის უკვე ნასამართლევია.
პატარა ბიჭისა და დედას მათ სახლში შევხვდით. მეორე დილით თბილისში წასასვლელად ემზადებოდნენ. დედის თქმით, შვილს ერთი წლის წინ მომხდარისა და სტრესის ფონზე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და დაგეგმილ ოპერაციაზე მიჰყავდა.
„მან (ყოფილმა ბრალდებულმა) ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ახლა ჩემს შვილს უნდა მივხედო, ოპერაციის შემდეგ კი გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. ახალციხელი ადვოკატები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ, რადგან სოციალურად დაუცველნი ვართ, ჩვენს ინტერესებს უფასოდ დაიცავენ“.
დედის განცხადებით, ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო.
“შარშან ჩვენს სახლში, ქვედა, მესამე სართულზე ცხოვრობდა. ყვირილის ხმა გავიგე და კიბეებზე ჩავედი. თუმცა ჩასვლისას ჩემი შვილის ხმა მომესმა. გაუგებრობაში ვიყავი, რა უნდოდა ჩემს შვილს ამ ბინაში? კარი დაკეტილი იყო და ვერ ვაღებდი, ვყვიროდი – გააღე, თორემ კარს ჩამოვამტვრევ-თქო. კარი გაიღო, შევედი. ის შარვალს იცვამდა, ბავშვი კი სააბაზანოდან წელსქვევით შიშველი გამოვიდა. ვკითხე თუ როგორ მოექცა იგი. ბავშვი შეშინებული იყო და მითხრა, რომ უკანალზე ურტყამდა. მოგვიანებით გავიგე, გენიტალიებზე შეხებასაც აიძულებდა“, – ჰყვება იგი.
კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა მაშინვე პოლიციაში, გვიპასუხა, რომ ეს მისი შეცდომა იყო. ფიქრობდა, ამის შესახებ საუბარი სირცხვილი იქნებოდა – “მე ხომ ბიჭი მყავს.”
ბავშვის დედის თქმით, მეორე შემთხვევა ცოტა მოგვიანებით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდა.
„სხვა სახლში გადავიდა. თურმე ბავშვს დაუძახა. ყოველივე კამერამ დააფიქსირა. ბავშვი, ჩემი შვილი ბინაში დააბა, შარვალი ჩამოუწია და გენეტალიებზე შეხება უბრძანა. მას შეეშინდა და გაიქცა. გზად მეზობელი შეხვდა, რომელიც მისი მდგომარეობით დაინტერესდა. მეზობელს სთხოვა, ჩემთვის არაფერი ეთქვა და მომხდარის შესახებ უამბო. ბავშვი სახლში შეშინებული, ანერვიულებული მოვიდა. მითხრა, რომ რაღაც უნდა ეთქვა და არ უნდა მეცემა. ნ-მ შეაშინა, დედას თუ ეტყვი, მოგკლავო. იმ წუთას მისი მოკვლა მინდოდა, მაგრამ გონს მოვედი. გადავწყვიტე პოლიციაში წავსულიყავი“, – განმარტავს მშობელი.
მისი განცხადების შემდეგ პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.
ყოფილ ბრალდებულთან რაიმე სახის კავშირი ან ურთიერთობა დედამ უარყო.
„ძალიან მეშინია. ბავშვი ამბობს, რომ იგი ისევ ასე მოექცევა. ღამე აღარ მძინავს. დამნაშავე გაათავისუფლეს. დღეს ჩემს შვილს ავიწროვებს, ხვალ სხვას იქნება შემდეგი. არ ვაპატიებ. ჩემს შვილს არ უნდა ეშინოდეს და სახლში არ უნდა იმალებოდეს. ადრე არაფრის მეშინოდა, ახლა კი მისი გავლენით კარებს ვკეტავ, რომ უეცრად არ მოვიდეს და რამე არ დაგვიშავოს. მხოლოდ ჩემს ბავშვზე ვფიქრობ. ვინ უზრუნველყოს მისი მკურნალობის ხარჯებს? როგორ გადავიხდი ამ ყველაფერს? ამ არაადამიანის გამო ბევრი ვალი გაგვიჩნდა“, – აცხადებს დედა.
ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი შევიწროებაში ბრალდებას ცილისწამებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ორივე განხილვაზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს, რადგან ბრალდებულის უდანაშაულობის მტკიცებულება ჰქონდათ.
10 წლის ბიჭის დედა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.