ინდმეწარმე სვეტლანა სეროფიანმა ახალქალაქის LAG-ის დაფინანსებით ევროკავშირის პროგრამის ENPARD-2 ფარგლებში საოჯახო ბიზნესი დაიწყო. იგი მეუღლესთან ერთად ხის ნივთებსა და აქსესუარებს ამზადებს. მეწარმემ დაბანდებული თანხის ნაწილი დაიბრუნა, თუმცა შეკვეთების არქონის გამო ბიზნესი ჯერჯერობით არ მუშაობს.
სახელოსნოში, სადაც ხეს ამუშავებდნენ, სვეტლანა სეროფიანის ქმარი, გიორგი მელიქიძე მუშაობდა. სახელოსნო ახლა დაკეტილია. იქ მხოლოდ ის ინსტრუმენტებია, რომლებიც ან გრანტის ფულით შეიძინეს ან თავად ჰქონდათ.
გიორგი მელიქიძე ხეზე მუშაობს და პატარა მაგიდებს, სკამებს, საათებს, ჭაღებს ამზადებს. მზა პროდუქცია ახალქალაქში, თბილისში, ინტერნეტით იყიდებოდა. შეკვეთები უკვე გაყიდულია და ერთი წელია რაც აღარაფერი დაუმზადებია, რადგან საქონლის ღირებულება გაძვირდა. სახელოსნო დახურულია.
„ბიზნესი თვითღირებულების გაზრდის გამო გავაჩერეთ. დამზადებული შეკვეთები გაიყიდა, მსურველები კი აღარ ჩანან. პანდემიამდე ყველაფერი კარგად იყო, ჩვენი პროდუქტი გამორჩეული და ექსკლუზიური იყო. პანდემიის შემდეგ ყველაფერი 4-ჯერ გაძვირდა; ჩვენც 4-ჯერ გავაძვირეთ საქონელი. ხალხიც აღარ ყიდულობს“, – განმარტავს გიორგი მელიქიძე.
მისი თქმით, თბილისის რესტორნებისგან საკმაოდ ბევრი შეკვეთა ჰქონდათ. ნივთებისა და აქსესუარების დასამზადებლად უკვე გამოყენებულ ან გამოუსადეგარ, ბოჭკოვან ხეს იყენებდა.
„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაწარმოეთ. ხის დასამუშავებლად ეპოქსიდს ვიყენებდით. თუ ადრე მაგიდას 200 ლარად ვყიდდით, ახლა ერთი ლიტრი ეპოქსია 200 ლარი ღირს, მაგიდის დასამუშავებლად კი 20 ლიტრ ეპოქსიდს ვიყენებთ. გვითხარით, რამდენად გავყიდოთ?“, – აღნიშნავს გიორგი მელიქიძე.
გრანტის თანხით მათ ხის დასამუშავებელი აღჭურვილობა, ცირკული და სხვადასხვა ინსტრუმენტები შეიძინეს.
გიორგი მელიქიძე იმედოვნებს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და სამუშაოებს გაანახლებენ.