28 ნოემბერს თბილისში Wyndham Grand Hotel-ში USAID-ის კარტოფილის პროგრამა დახურეს. იგი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სამი წელი გრძელდებოდა.

ღონისძიებას USAID-ის მისიის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლია კაპლანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და პროგრამის ახალქალაქისა და ახალციხის ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

პროგრამას კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, USAID-ის კარტოფილის პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა.

ღონისძიებას USAID-ის კარტოფილის პროგრამის კოორდინატორი საქართველოში ვახტანგ მშვიდობაძე უძღვებოდა. გახსნისას მან სამი წლის პროგრამის მიღწევებზე, სამუშაოებზე და კარტოფილის ახალი თესლის წარმოებაზე ისაუბრა. პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში ოთხი ახალი ჯიშის სათესლე კარტოფილის წარმოება დაიწყო. ეს ჯიშები ახალქალაქისა და ახალციხის იმ სასათბურე მეურნეობებში მიიღეს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში აშენდა. ახალქალაქში ყველაზე კარგად აგრიას ჯიშმა გაიდგა ფესვები.

ახალქალაქში კლიმატის კონტროლირებადი სამაცივრო საწყობი გაიხსნა, რომელიც ტემპერატურას, ტენიანობას და CO2-ს აკონტროლებს. იგი გერმანული ტექნოლოგიებით 200 კვ/მ-ზე აშენდა. საწყობში 300-დან 350 ტონამდე კარტოფილი ინახება. პროგრამისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა მონაწილე ფერმერებს დარჩებათ.

პროგრამის დახურვის ღონისძიებაზე გამოსვლისას USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ლეა კაპლანმა განაცხადა, რომ მათი მიზანი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებაა.

„პროდუქტის მუდმივი წარმოება მის ღირებულებით ჯაჭვზე ახდენს გავლენას. ჩვენი მიზანი კი მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და სამცხე-ჯავახეთში უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. რადგან მსოფლიო გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კარტოფილი ექსპორტზეც გაიტანოს, რითაც სხვა ქვეყნებს დაეხმარება“, – განმარტა ლეა კაპლანმა.

სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც, რომელმაც პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. შეკრებილებმა CIP სტრატეგიის მასშტაბირების და რეალიზაციის უფროსი დირექტორის, იან ბარკერის ონლაინ გამოსვლაც მოისმინეს.

პროგრამაში მონაწილეობა თერთმეტმა ბენეფიციარმა ქალმა მიიღო. ჯამში პროგრამა 4 000-მდე ბენეფიციარს, 2 000-მდე ფერმერს, სპეციალისტს და სტუდენტს დაეხმარა, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამამ სამცხე-ჯავახეთის პროდუქტიული პოტენციალი და ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს შესაძლებლობა  გამოავლინა.

პრეზენტაციებს პანელური დისკუსია მოჰყვა თემებს – “მომავალი ნაბიჯები სათესლე კარტოფილის წარმოებაში, როგორც საკვანძო ფაქტორი სასურსათო უსაფრთხოებაში” და “კარტოფილის ღირებულების ჯაჭვის მნიშვნელობა ჯგუფების ინტეგრაციაში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით”.

პანელურ დისკუსიაში ახალქალაქიდან JAC-ის (ჯავახეთის აგრო კომპანია) წარმომადგენელი არტურ ირიციანი მონაწილეობდა.

„თქვენი პროგრამის წყალობით, სათბურებში კარტოფილის ნერგების ჰიდრომეთოდით მოყვანის ლაბორატორიის მუშაობის უნარები შევიძინეთ. ფერმერები ახალ მეთოდებს ენდნენ და უმაღლესი ხარისხის თესლის მიღება ისწავლეს. პროგრამის გაგრძელება აუცილებელია,  რადგან სამი წელი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საკმარისი არ არის“, – განაცხადა არტურ ირიციანმა.