კომპანია „ბევრილი ჯგუფმა“, რომელიც საქართველოს ფქვილით ამარაგებს,18 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, – იტყობინება სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მათვე ინფორმაციით, პირველი 6 ათასი ტონა მარცვლეული უკვე ფოთის პორტში შემოვიდა, კიდევ 12 ათასი კი უახლოეს პერიოდში ჩამოვა.
„ეს არის წამყვანი კომპანია, რომელიც ფქვილითა და პურით ამარაგებს არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ საქართველოს დიდ ნაწილს. კომპანიას ხორბლის მარაგი ჰქონდა, გარდა ამისა, კიდევ 18 ათასი ტონა შეიძინა. შესაბამისად, ქვეყანაში ფქვილისა და პურის დეფიციტი გამორიცხულია“, – განაცხადა სამხარეო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისი სიტყვებით, ხორბლის შეძენა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
მარცვლეულზე ფასების მკვეთრი ზრდის პირობებში კომპანიებისთვის დახმარებისა და პურზე ფასების მატების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხორბლის და პირველი ხარისხის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი ვალდებულია, პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ – 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად, სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
ხელისუფლება მთლიანობაში გეგმავს 40 ათასი ხორბლის იმპორტის სუბსიდირების განხორციელებას. აღნიშნულ პროგრამაზე ხელისუფლება 5,2 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
პროგრამის პირობების თანახმად, იმპორტიორი, რომელიც საქართველოში შემოიტანს არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალს, სახელმწიფოსგან ერთ ტონა ხორბალზე მიიღებს არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.