Jnews-ი არაერთხელ ისაუბრა აბიტურიენტებზე, რომლებიც სტუდენტობისთვის ემზადებიან, რა სირთულეებს ეჭიდებიან, რა მოლოდინები აქვს ცხოვრების ახალი და არც თუ ისე მარტივი ეტაპისგან. ვესაუბრეთ თბილისის უმაღლესი სასწავლებლებლის სტუდენტებსაც, დაემთხვა თუ არა მათი მოლოდინი და რეალობა ერთმანეთს, რა დაბრკოლებები შეხვდათ სწავლის პირველ თვეებში და რას აპირებენ მომავალში.
ინტერვიუ ჩამოვართვით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლახან გახდნენ სტუდენტები. ერთ-ერთი მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მელს პოღოსიანია. მისი თქმით, ზოგიერთი საკითხში მოლოდინი და რეალობა თანხმობაშია, ზოგი კი წარმოდგენაზე უკეთესი გამოდგა.
„როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ენობრივი ბარიერი იყო, რის გამოც საწყის პერიოდი ძალიან გართულდა, მაგრამ თანდათან ვისწავლე და შევეჩვიე, საბოლოოდ, როგორც ჩანს, გადავლახე. სახლისა და ოჯახისგან შორს ყოფნა იმაზე რთულია, ვიდრე მეგონა. თუმცა გარემოს თბილისში ჩამოსვლიდან 1-2 კვირაში შევეჩვიე“.
მელსი მეცადინეობებით კმაყოფილია, მაგრამ აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ინტერესების გაღრმავებისა და აქტივობების შესაძლებლობას არ იძლევა. სტუდენტები მონაწილეობას უნდა იღებდნენ ტრენინგებში, სპორტულ ან ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
JNEWS-ის კითხვაზე, გაუმჯობესდა თუ არა ენის ცოდნის დონე, მელსი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ენას ბევრად უკეთ ფლობს.
„არიან ლექტორები, რომლებიც ახალი მეთოდებით გვასწავლიან, გაკვეთილსაც უფრო მარტივად და სწრაფად ვსწავლობთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ძველ მეთოდებს იყენებენ. შესაბამისად, გაკვეთილები მოსაწყენი და ნაკლებად ეფექტურია. ინტეგრაციასაც დრო სჭირდება“.
არაქსია მანველიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სწავლობს – ექიმობა გადაწყვიტა. არაქსიას მოლოდინები თბილისში ჩამოსვლისას რეალობად იქცა.
„უნივერსიტეტი ძალიან მომეწონა, გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში მიდის, მაგრამ დღეში მხოლოდ ერთი მეცადინეობა გვაქვს და ვფიქრობ, ერთი საათი ძალიან ცოტაა. ამიტომ სახლში ვმეცადინეობ და ქართველებთან შეძლებისდაგვარად ბევრი კომუნიკაცია მაქვს, რათა სალაპარაკო ქართული უკეთ ავითვისო“, – განმარტავს არაქსია მანველიანი.
არაქსიასგან განსხვავებით, ვენერა ნიქოღოსიანს საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო რთული წარმოედგინა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელი კურსის სტუდენტია.
„ქართული ენის სწავლა გამიჭირდა, რადგან სკოლის წლებში სირთულის გამო სათანადოდ არ ვსწავლობდი. ახლა უნივერსიტეტში დღეში 5 საათი პრაქტიკა გვაქვს და მივხვდი, რომ არც ისე რთული ყოფილა. ამ კურსის დასრულების შემდეგ სწავლას ბიზნესის ადმინისტრირებაზე გავაგრძელებ. ვცდილობ, ქართული ენის გარდა ინგლისურიც ვისწავლო“, – ჰყვება ვენერა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნარინე ავაგიანმა სრულიად შემთხვევით გადაწყვიტა სწავლის თბილისში გაგრძელება, რადგან ერევანში წასვლაზე ფიქრობდა. ნარინეს თქმით, ენის ბარიერი ერჯერობით ვერ გადალახა.
„როდესაც სალექციო დარბაზში პირველად შევედი და გავიგე, რომ სომხების გარდა უცხოელებიც იქნებოდნენ, ძალიან გამიკვირდა და ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მათთან ურთიერთობასა და კომუნიკაციას, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა“, – განმარტავს ნარინი და აღნიშნავს, რომ პროფესია ჯერ არ აურჩევია და რამდენიმე მიმართულებაზე ფიქრობს: პროგრამირება, ბიზნეს მენეჯმენტი და საერთაშორისო ურთიერთობები.
ნარინეს თქმით, ცვლილებები სირთულეებსაც იწვევს, მაგრამ საინტერესო მეცადინეობები, კარგი ლექტორები და უნივერსიტეტის ატმოსფერო დაბრკოლებების სწრაფად დაძლევას უწყობს ხელს. რამდენადაც რთულია სტუდენტური ცხოვრება, იმდენად საინტერესოცაა.