რუსეთში არსებულ ვითარებაზე, მობილიზაციის ახალ ტალღაზე, სანქციებსა და იმპორტის ჩანაცვლებაზე, ეკონომიკის მდგომარეობაზე, უკრაინასთან ომსა და სხვა თემებზე, Jnews-ს ოპოზიციური პოლიტოლოგი, პუბლიცისტი ანდრეი ნიკულინი ესაუბრა.
რა შეიცვალა რუსეთში უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე?
– ტენდენცია სპეცოპერაციის დაწყებიდან დღემდე იგივეა – მოსახლეობა, საზოგადოება სასოწარკვეთილია და რეალობის აღქმაზე გულმოდგინედ ამბობს უარს, სურთ მას გაექცნენ და ყურადღება არ მიაქციონ მიმდინარე პროცესებს. თავიანთი საქმითა და სამყაროთი კავდებიან. უხამსიც კი იყო კომპანიებში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი. ზაფხულის ბოლომდე ეს იმპულსი შენარჩუნდა, თუმცა სამხედრო წარუმატებლობითა და მობილიზაციის დაწყებით მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი მაინც. მაგრამ ეს პრობლემა პლასტიკური მასის დამშვიდებით მოაგვარეს. მოსახლეობის რეაქცია პროცესებთან დაკავშირებით შენელებულია. პირველ რიგში, ხალხი უხალისოა, მომავლისა და აწმყოსი ეშინიათ, ბავშვურად თვალებს ხუჭავენ და სახელმწიფო პროპაგანდაც შეგნებული ცდილობს მოსახლეობის დამორჩილებას.
საქართველოში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი წლის შემდეგ მობილიზაციის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. არის თუ არა ხელახალი მობილიზაციის საშიშროება?
– კრემლისთვის იდეალურია მეტი ადამიანი შეკრიბოს და შეაიარაღოს, თმცა პრობლემა კვლავ ემპირიული რეალობიდან მომდინარეობს. ხალხს შეკრებენ, მაგრამ მათთვის არ არის საკმარისი ადგილი, იარაღი, ტანსაცმელი, მითუმეტეს ზამთარი მოდის, კარვები, ბანალური ღუმელები. პრობლემა იქმნება ნაგავსაყრელებთან, სწავლებასთან დაკავშირებითაც. ვინ წვრთნის ჯარისკაცებს, თუ პერსონალის უმრავლესობა უკრაინაშია, ან რეალურად რა დარჩა ამ არმიისგან.
სავარაუდოდ, რადგან ეს მექანიზმი იურიდიულად ძალიან რთული განსახორციელებელია, ხალხს არა ერთჯერადი ტალღით, არამედ თანდათანობითი შეაგროვებენ. მობილიზაცია იქნება, მაგრამ ეტაპობრივი, არც ისე შესამჩნევი, რომ ხალხი არ აჯანყდეს. მიგრანტებისა და ლტოლვილების შემდგომი ტალღები ჯერ კიდევ მოსალოდნელია, რადგან ქვეყნიდან გაქცევა შეზღუდვებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული.
როგორ შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა, მოქმედებს თუ არა სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე? შეექმნათ თუ არა პრობლემები ექსპორტის ჩანაცვლებასთან, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით?
– ნავთობის გაყიდვა ჯერ შეზღუდული არ არის, ეს დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. პრობლემათა რაოდენობა სხვადასხვა სფეროებში თანაბრად არ არის გადანაწილებული. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთში ხის გადამუშავება სტაგნაციას განიცდის, რადგან ევროპის ბაზრები დაიკეტა, შეფერხებებია საავტომობილო ინდუსტრიაშიც, მეტალურგიაში, ქვანახშირის მოპოვებაში, გადაზიდვასა და ლოჯისტიკაში. პრობლემები აქვთ, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამან მოსახლეობის მნიშვნელოვანი მასა სიზმრიდან გამოაღვიძოს. თუნდაც შეჩერებულ ქაღალდის ქარხანაზე დამოკიდებულ რომელიმე ქალაქს პრობლემები შეექმნას, მეზობელ ქალაქებში ისინი იგნორირებულია და ხალხიც მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას და, რაც მთავარია, ეგუება. ხელისუფლება დიდი მოთმინების იჩენს და მოსახლეობის გაუთავებელ სურვილებს ითვალისწინებს, რათა წინააღმდეგობა, პროტესტი აიცილოს თავიდან. ეს არის რეალურად რადიკალური განსხვავება რუსებსა და უკრაინელებს შორის. იმიტომ, რომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მათ აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია განუვითარდათ, იქ, სადაც უკრაინელი ან ქართველი გამოდის, აპროტესტებს, ჩხუბობს, აცხადებს, ცდილობს ხელისუფლებასთან ხმა მიაწვდინოს, რუსი ჩუმდება, ითმენს და ბაღს თხრის, კარტოფილის თესავ და ცდილობს საჭიროებები შეამციროს – ნასწავლი უმწეობა ღრმად არის ფესვგადგმული ქვეყანასა და თანამოქალაქეებში.
არსებობს თუ არა მოსაზრება, რომ სანქციები რუსეთს განვითარებისკენ უბიძგებს, მათ შორის იმ სფეროებში, რომლებიც ახლა უცხო ქვეყნებზეა დამოკიდებული?
– იმპორტის ჩანაცვლება და ტექნოლოგიური ავტარქია მითია, რომლის გარცელებასაც პროპაგანდა ნამდვილად წარმატებით უწყობს ხელს. თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, გარდა ჩრდილოეთ კორეისა, ესეც ეჭვის ქვეშაა, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს სრულ დამოუკიდებლობას თავისი ეკონომიკის ფარგლებში. დიახ, იქნება ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, თუ გახმაურებული გზავნილები, მაგრამ დასავლური სანქციები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ უეცარი ბიძგით დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკა. დასავლეთს უბრალოდ არ სჭირდება ტერიტორიის მეშვიდედი ბირთვული რაკეტებით აუფეთქდეს, ამიტომ ნელი ტექნიკური დახრჩობაა საჭირო. ეს ისე ნელა უნდა მოხდეს, რომ თავად ქვეყნის მცხოვრებლები ვერ ამჩნევდნენ მას. ამოცანა შემდეგში მდგომარეობს – ქვეყანა ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ჩამოიყვანოს განვითარების ბოლო საფეხურზე, რათა ის არასახიფათო გახდეს, ამოწუროს რესურსები და იმპერიალიზმის ეკონომიკური საფუძვლით ჩუმად დაახრჩოს, ლიკვიდირება შეძლოს.
რატომ ხდება, რომ ძლიერ არმიას აშკარა წარუმატებლობა აქვს მის მიერ დაწყებულ ომში?
– ნორმალურ, ჯანსაღ მდგომარეობაში, ზოგიერთი გადაწყვეტილება ან ქმედება ექსპერტებთან თანხმდება, მუშავდება და უგულებელყოფილია, თუ მაღალ რისკს შეიცავს და ავანტიურისტულია. მაგრამ ბოლო 10 წელია ექსპერტები მზად არიან გაამართლონ და დაასაბუთონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მათთან ზემოდან მოდის. ვინც იტყვის, რომ ეს სურვილი ან ქმედება ავანტიურისტულია, უბრალოდ სახელმწიფო აპარატიდან გაფრინდება. ზუსტად ამიტომ არ ისმოდა გამართლებული კრიტიკული თეზისები. ძალაუფლების მქონეთ თავად სჯეროდათ საკუთარი პროპაგანდის შესახებ, თითქოს მსოფლიოში მეორე არმია მათ ჰყავდათ. ამის მიზეზი ულამაზესი სურათები, სატანკო ბიატლონი იყო. სინამდვილეში კი ყოველივე იმაზე მიუთითებდა, რომ როგორც ავადმყოფ სხეულში, ისე სახელმწიფოში ჯანმრთელი ან განვითარებული ორგანოები არ არსებობს.
რას დამოკიდებულება აქვს მოსახლეობა ამ ყველაფერზე, ყოველი მათგანი პროპაგანდის მსხვერპლი ხომ არ არის?
– იმპერიული ომის იდეოლოგიურად მომხრეები 10-15%, შესაძლოა 20%-ია და ისინი მოქმედებების მთავარი მომხრეები არიან. არის მოწინააღმდეგეთა 10-20%, რომლებიც მიუხედავად ლიბერალური, მემარცხენე თუ ნაციონალისტური შეხედულებებისა, იდეოლოგიურად ინდოქტრინირებულნი არიან. დარჩენილი უმრავლესობა – 60-70% – ის ამორფული მასაა, რომელზეც მე ვისაუბრე, არ გააჩნიათ დაფიქრებისა და რეფლექსირების უნარი. ისინი უბრალოდ არსებობა აგრძელებენ, თვალებს ხუჭავენ და რეალობის ეშინიათ. ყველაფრის გააცნობიერება იმედგაცრუების მეტს არაფერს მიუტანს მათ. თავდაჯერებულები არიან და თვლიან, რომ ვერაფერს შეცვლიან.
რამდენად იმოქმედა ომმა ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგზე?
– რეიტინგი ჩვენი სისტემის შემთხვევაში საკმაოდ უაზრო ფაქტორია და მისი მნიშვნელობა არავინ იცის. ეს ამორფული მასა კრემლში მოთავსებულ ადამიანებს უჭერს მხარს, რადგან მათ პირობით ძალაუფლება აქვთ. დღეს პუტინია, ხვალ მის ადგილს სხვა დაიკავებს და სანამ მოსახლეობა არ გამოფხიზლდება, ასე გაგრძელდება. თუ რაიმემ იდეოლოგიური აფეთქება გამოიწვია, მაშინ ეს სხვა ქვეყანა იქნება და რეიტინგიც ალბათ შეიძენს მნიშვნელობას.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ეშინიათ, რომ რუსეთი ქვეყნების გაერთიანებას მოისურვებს. რამდენად გამართლებულია ეს შიში?
– მე ვიტყოდი, რომ შიში მოვლენების დასაწყისშივე გამართლდა. დიდი ალბათობით, თუ უკრაინა სასწაულებრივად სწრაფად დაეცემოდა და ბელარუსთან ერთად, როგორც უკვე ცხადია, ახალი პოსტსაბჭოთა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდებოდა, მაშინ, დამპყრობელიც მადაზე მოვიდოდა და შეეცდებოა მოლდოვა, საქართველო თუ არა, სომხეთი, ყაზახეთი ერთ სახელმწიფოში გააერთიანებინა. მაგრამ ახლა, როდესაც რუსეთის არმიის მდგომარეობას, მობილიზაციას, იქ გაგზავნილი ქვედანაყოფებს და ტექნიკის ხარისხს – იგი ხელახლა კონსერვდება და ისე იგზავნება-, ჭურვების შესაძლო დეფიციტს, საბრძოლო მასალისა და კომუნიკაციის პრობლემებს ვხედავთ, უკრაინის დაცემისა და რუსული სამყაროს დაბრუნების ალბათობა მცირეა.