დედა, ცოლი, ნათესავებისთვის ექიმი, ბიზნესვუმენი, დიასახლისი…, თუმცა ყოველივე გვერდზე გადაიწევა, თუ მის პაციენტებს დასჭირდებათ. ასია გულიევას ახალქალაქში თითქმის ყველა იცნობს, მისი დახმარებით მუნიციპალიტეტში ასობით ბავშვი დაიბადა.
ექიმთან ინტერვიუს დროს ასიას ტელეფონი რეკავს: „სისხლდენა? მოვდივარ”, – ტელეფონი გათიშა, – “რთული მშობიარობა ჰქონდა, უნდა წავიდე და დავეხმარო.”
მისი გამოთვლით, 27-წლიანი კარიერის განმავლობაში, დაახლოებით 650 მშობიარობა მიიღო, კონსულტაციისთვის მისული ორსულების რაოდენობა ბევრად მეტია, დაახლოებით 4000 ადამიანი.
ახალქალაქის საავადმყოფო, პირველი სართული, გინეკოლოგია, ყოველ წუთს კაბინეტის კარი იღება: „ექიმო, შეიძლება?“. მასთან არა მხოლოდ “საინტერესო პოზიციის” მქონე ქალები მოდიან, არამედ კოლეგებიც, რომლებსაც კითხვები აწუხებთ. ექიმს თავისუფალი დრო არც სამსახურში აქვს და არც სახლში.
ასია გენრიხოვნა ასეთ ცხოვრებას ბავშვობიდან მიეჩვია. ის მე-4 თაობის მედიკოსია.
„დედაჩემის ხაზიდან ყველა ქალი ექიმია. დიდმა ბებია ევფროსინემ უმაღლესი სამედიცინო კურსები 1900-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა და პროფესიით კანის ვენეროლოგი იყო. ბებიაჩემი ლიდია ორელში მე-3 კურსის სტუდენტი იყო. როდესაც ომი დაიწყო, ოჯახით კონცბანაკში მოხვდა. დედაჩემი მეან-გინეკოლოგია, 57-წლიანი სტაჟით, მამაჩემიც მეან-გინეკოლოგი იყო. მე ოჯახში მეოთხე თაობის ექიმი ვარ. 4 და ვართ, ოთხივე ექიმები და ყველანი საკუთარი პროფესიით ვმუშაობთ – სამი გინეკოლოგი და ერთი სტომატოლოგი“, – ჰყვება ის.
თუ ზოგიერთი მედიცინას იმიტომ ირჩევს, რომ პრესტიჟულია, შემდეგ კი სირთულეების გამო იმედგაცრუებულია, ასიამ პროფესიას ახლოს იცნობდა და იგი შეგნებულად აირჩია.
„გვინახავს, როგორ იტანჯებოდა დედა, დღეები არ მოდიოდა სახლში, მხოლოდ ავადმყოფებზე ვსაუბრობდით, რომელი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელი იყო მძიმე მდგომარეობაში, ვისი დახმარება შეიძლებოდა. იყო ტრაგიკული შემთხვევებიც. ასე გავიზარდეთ, მამა ძალიან კარგი კაცი იყო, კარგი ექიმი, 42 წლისა ავარიაში გარდაიცვალა“.
ასიამ სამედიცინო უნივერსიტეტი 1995 წელს დაამთავრა. თავდაპირველად სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, სწავლა კი სომხეთში ერევნის მ.ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაამთავრა. ცივ და მშიერ 90-იანებში რთული იყო არა მარტო სტუდენტური წლები, არამედ კარიერის დასაწყისი. 1996 წელს მან ახალქალაქის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა.
“მშობიარეებს სამშობიარო დარბაზში ვღებულობდით, რადგნა იქ იდგა ღუმელები. რეალობა ისეთი არ იყო, როგორსაც სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისას ველოდი. ძრავის შუქის ქვეშ ვმუშაობდით, რომელიც ელექტროენერგიას მხოლოდ ოპერაციებისთვის გვაწვდიდა.”
ცხოვრება მაშინ გართულდა, როცა თავად დაოჯახდა და შვილები შეეძინა.
„ 2 შვილის მოვლა ძალიან გამიძნელდა. როდესაც ოფელია დაიბადა, ზოია ერთი წლის იყო. დედამთილი გარდაიცვალა. დამხმარეები არ მყავდა. უნდა მემუშავა, ამიტომ დეკრეტულ შვებულებაში არ გავსულვარ, მაგრამ ბავშვებიც უნდა გამეზარდა, ფეხზე დამეყენებინა. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი ქმრის, მხარდაჭერისა და გაგებისთვის, რომელსაც ჩემსა და რთული პროფესიის მიმართ იჩენდა“.
ცოტა მოგვიანებით ასიას მესამე შვილი შეეძინა. მოლოდინის მიუხედავად, დედას კვალს მხოლოდ ერთი ბავშვი გაჰყვა.
„ახლა ბავშვები სხვანაირად ფიქრობენ, უნდათ, რომ უფრო სწრაფად დადგნენ ფეხზე, საცხოვრებლად ფულის შოვნა დაიწყონ. მედიცინაში ასე არ ხდება. 10 წელი უნდა ისწავლოთ, თქვენს ავტორიტეტზე ყოველდღე იმუშაოთ. ადამიანმა პროფესიის მიმართ მოწოდება, მზადყოფნა, თავგანწირვა უნდა იგრძნოს. ბავშვებმა საკუთარი გზა აირჩიეს, თუმცა ძალიან მინდოდა სამედიცინოს გაჰყოლოდნენ. კარგად სწავლობდნენ და კარგი ექიმებიც გახდებოდნენ, მაგრამ საქმიანობის სხვა სფეროები აირჩიეს“.
ექიმის საქმიანობაში ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი, ექიმი ასიას თქმით, ის მშობიარობაა, რომელიც ბავშვის ან დედის სიკვდილით სრულდება.
„მშობიარობისას დედის დაკარგვას ვერაფერს შევადარებ. ეს ყველას ტრაგედიაა – ახლობლებისთვის, ექიმისთვის, მისი ოჯახისთვის. იარა მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. რამდენი სიცოცხლეც არ უნდა გადაარჩინოს ექიმმა, ერთმა ასეთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიძლება ყველა წინა წარმატება გადახაზოს. თუმცა ეს ყოველთვის ექიმის ბრალი არ არის“.
მეან-გინეკოლოგმა გადაწყვიტა პირად ცხოვრებაში უფრო უბრალო ყოფილიყო და წვრილმანებით დამტკბარიყო.
„ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებით არასდროს ვწუხდები. ჩემმა შვილებმა ბავშვობიდან იცოდნენ, რომ დედა მუშაობდა. მათ უნდა შეეძლოთ საჭმლის მომზადება, საკუთარი თავის მოვლა, საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება. არასოდეს ვუღრმავდები ისეთ რაღაცებს, რომლებიც განწყობას გამიფუჭებს”.
ასია, ცხოვრებისეულ როლებთან ერთად ბიზნესის გამოცდილებსასაც იძენს და პატარა ტანსაცმლის მაღაზიაც აქვს.
„როცა ბავშვები წამოიზარდნენ, საზღვარგარეთ გამგზავრება სურდათ, რათა ენები ესწავლათ. მეუღლეს, რომ როგორმე დავხმარებოდი, ბიზნესი წამოვიწყე. ყოველივე, რა თქმა უნდა, რთულია, რადგან დროისა და დაღლის ფაქტორია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა“.
მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ცოტა თავისუფალი დრო აქვს, ასია მაინც ცდილობს ჰობს მისდიოს.
” მუსიკა მიყვარს. როდესაც სტუმრები ან ნათესავები ვიკრიბებით, ვუკრავთ, ვმღერით, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.”
ექიმი იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჰიპოკრატეს ფიცის დადებისას აიღო. იცოდა, რომ ექნებოდა უძილო ღამეები, უძლურების მომენტები, გამოუვალი სიტუაციები, მაგრამ საკუთარი არჩევანი არასოდეს უნანია. იცის, რომ “მედიცინაში 1+1 ყოველთვის 2-ს არ უდრის”.
”ყოველ დილით ვიღვიძებ, – ჰყვება იგი, – და მადლობელი ვარ, რომ ახალი დღე დადგა და სამსახურში წასვლა უნდა ვიჩქარო, რათა ხალხს დავეხმაროთ, ცხოვრებით დავტკბე”.