„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა.
პეტიციას ხელს 220 ადგილობრივი აწერს.
“ადგილობრივებს წლების განმავლობაში სტიქიასთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უხდებათ.მოვუწოდებთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ წარდგენილ პეტიციას და სოფელ სამებაში არსებული საცხოვრებელი სახლების, ასევე, სკოლის შენობის მდგრადობა შეისწავლონ და მათ გასამაგრებლად, ან ალტერნატიული ფართის ასაშენებლად რესურსები ცენტრალური უწყებებიდან მოითხოვონ”- წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ Facebook-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამებაზე მიწისძვრები ხშირად ფიქსირდება. 11 ივლისს სოფელში ზედიზედ 11 მიწისძვრა დაფიქსირდა. მოსახლეობა შეშინებულია, მაგრამ უკვე მიეჩვია სიტუაციას, როგორც კი სოფელში ქარი ამოდის, უკვე მიმართულებიდან ხვდებიან, მიწისძვრა იქნება თუ არა სოფელში.