ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მადათაფას ტბა შრება. გამშრალი ნაწილი საკმაოდ დიდია და თანდათან იზრდება. Jnews-ი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რას გეგმავენ ტბის დაშრობის თავიდან ასაცილებლად.
ჯერ კიდევ სექტემბერში სააგენტოს წარმომადგენლებმა Jnews-ს აცნობეს, რომ ტბის სანაპიროზე კაშხლის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაო სპეციფიკურია, მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მისი დროც შეზღუდულია. ამ ეტაპზე სააგენტომ საჭირო ტექნიკური ინსტრუქციები შეიმუშავა და საპროექტო სამუშაოები დაიწყო.
იმის გამო, რომ ტბის ტერიტორიაზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, Jnews-ი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მათ და შემდეგნაირი პასუხი მიიღო:
„წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მადათაფას ტბაზე წყლის მარეგულირებელი კაშხლის მშენებლობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიიღო. ტენდერი 2023 წელს გამოცხადდება“.
ჯერ კიდევ 2019 წელს ტბის სანაპიროზე მიწისქვეშა ორმოები აღმოაჩინეს, საიდანაც წყალი მიედინებოდა, თუმცა სად, უცნობია. რამდენჯერმე სცადეს გაერკვიათ, მაგრამ უშედეგოდ. ჯამში 3-4 ხვრელი აღმოაჩინეს, მაგრამ ეს სრული რაოდენობა არ არის. მოხალისეთა თქმით, შესაძლოა წყლის ფენის ქვეშ კიდევ იყოს ხვრელები, რომლებიც დაშრობის მიზეზიცაა.
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023-24 წლებში მადათაფას ტბის კვლევა აქვს დაგეგმილი (მიმდინარე სამეცნიერო კვლევები 5-10 წლის ინტერვალით ტარდება), საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად იკვლევს და მონიტორინგს უტარებს თითოეული ტერიტორიას, რომელიც ბიომრავალფეროვნების სააგენტოს დაქვემდებარებაშია. ყოველივეს საფუძველზე შესაბამისი სამოქმედო გეგმა მუშავდება.