ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში 2020 წელს ევროკავშირის პროგრამა ENPARD-2-ის ფარგლებში დაფინანსებული სილამაზის სალონი შეზღუდვებით მუშაობს. დღეს იქ გათბობა არ არის. ზემფირა მკოიანს ჯერ არ დაუფარავს ის სესხი, რომელიც პროექტში საკუთარი წილისთვის.
ზემფირა მკოიანმა მონაწილეობა მიიღო LAG-ის – ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კონკურსში და მოიპოვა გრანტი ხულგუმოში სილამაზის სალონის გასახსნელად. მიიღო 26 ათასი ლარის ოდენობის გრანტი საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად და პროექტში კიდევ 23 ათასი ლარის ინვესტიცია საბანკო სესხის სახით ჩადო. დღეს ბიზნესი არ ყვავის, სესხს ერთ წელიწადში დაფარავს, მაგრამ არა სალონის შემოსავლიდან, არამედ ძირითადი ხელფასიდან.
სილამაზის სალონი სოფელ ხულგუმოში მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა კლიენტები რეკავენ და ვარცხნილობის გაკეთება სურთ. სალონში ორი ადამიანი მუშაობს, სტილისტი და თავად სალონის მფლობელი – მანიკიურის სპეციალისტი, რომელიც ასევე წარბებს აკეთებს. ზემფირა მკოიანი კლიენტებს ბინაზე ემსახურება, თავისი მაგიდა სახლში წაიღო. ხოლო თუ სილამაზის სალონში კლიენტია, მაშინ სალონს დროებით ელექტრო ღუმელებით ათბობს. სალონში დამონტაჟებულია გათბობის სისტემა, მაგრამ გაზი არ არის ჩართული. ზემფირა ამბობს, რომ უკვე ორი წელია განცხადებას წერენ გაზის კომპანიაში და ელოდებიან გაზის ჩართვას.
„საქმის განვითარება ჯერ ვერ ხერხდება, სხვა სამსახური მაქვს, სტილისტიც ქალაქში მუშაობს, 2 დღე მუშაობს, 2 დღე სახლშია“, – ამბობს ზემფირა მკოიანი.
მისი თქმით, კლიენტები ცოტაა, ძირითადად, სოფლის მაცხოვრებლები არიან. კლიენტების უმეტესობა, როგორც თავად ამბობს, სოფელ ორჯადან იყო, სოფელ კულიკამიდან მასთან ნაცნობები მიდიან.
ზემფირა ამბობს, რომ ზედიზედ სამი თვე მუდმივად ხსნიდნენ სალონს, სალონში კოსმეტოლოგიც ჰყავდა, გამუდმებით მოდიოდნენ მომუშავეები, მაგრამ ბევრი მომხმარებელი არ იყო, ამიტომ თმის სტილისტმა სხვა სამსახური იპოვა. ხოლო კოსმეტოლოგმა სამსახური დატოვა. თავად ზემფირა მკოიანი სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობს.
ჯერჯერობით, ზემფირა არ ფიქრობს ბიზნესის განვითარებაზე, რადგან მუშაობს და ჰყავს პატარა შვილი. მომავალში კი, როგორც თავად ამბობს, დრო გვიჩვენებს.