ორი წლის წინ გარემონტებულ ქალაქ ნინოწმინდის N1 სკოლაში სამშენებლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
2020 წელს საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ ქალაქ ნინოწმინდის N1 სკოლის კაპიტალური რემონტისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 2 780 000 ლარით „ამხანაგობა არფი ჯგუფმა“ მოიგო.
რემონტიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ შენობის ფანჯრებთან ბზარები გაჩნდა და ფასადის ბათქაშის ცვენა დაიწყო.
სარემონტო კომპანია დეფექტებს ასწორებს.
„ამ თვის ბოლოს დავასრულებთ სამუშაოებს. იგი საგარანტიო ვადაში შედის. იმის გამო, რომ შარშან მოსალოდნელი სიცივეების გამო შენობა გარედან მოვაპირკეთეთ, ახლა ბათქაშის ცვენა დაიწყო. პასუხისმგებელნი ჩვენ ვართ და გავარემონტებთ კიდეც“, – განაცხადა „ამხანაგობა არფი ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვლადიმერ გაგუამ Jnews-თან საუბარში.
ნინოწმინდის N1 სკოლის დირექტორმა დიანა თუმასიანმა Jnews-ს აცნობა, რომ რემონტი გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მიმდინარეობს, რათა სწავლების პროცესი არ შეფერხდეს. ამჟამად შენობის უკანა ნაწილს არემონტებენ.