თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
გადაწყვეტილება 2 ნოემბერს 11:10 საათისთვის გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
გვარამიასა და მასთან ერთად მსჯავრდებული კახა დამენიას საჩივრები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი – ბრალის დამძიმება კი – ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ზვიად იაშვილი, გამართლდა.
დამენიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალდებულად იქნა ცნობილი და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა. საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა.
3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გვარამის მისჯილი ჰქონდა 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა (მანქანის საქმეზე).
სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მანქანის ნაწილში დაუტოვა სასჯელად 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ხოლო 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, ასევე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.