29 ოქტომბერს ჯავახეთის ეროვნული პარკის ოფისში პროგრამის „სათემო რეინჯერების“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პროექტს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “Green Borjomi” და “Necres CNF – Caucasus Nature Fund” პროექტის “საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობის” დახმარებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფარგლებში, ჯავახეთსა და აჭარაში ახორციელებს.
შეხვედრას ახალქალაქში ორივე დამფუძნებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები და CNF-ის (კავკასიის ბუნების ფონდის) დირექტორი ტობიას მიუნჩმაიერი ესწრებოდნენ.
დამსწრეთა შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები. ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ კარაპეტიანმა ჯავახეთის ეროვნული პარკის შესახებ პრეზენტაციისას ჯავახეთის ეროვნული პარკის მრავალფეროვნებაზე, გაწეულ სამუშაოსა და შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე უპასუხა კითხვებს, რომლებიც თევზების ქვირითობაზე ჰესების გავლენას, საძოვრების პრობლემებსა და სხვა საკითხებს ეხებოდა.
პროექტში მონაწილე ახალგაზრდა რეინჯერების პრეზენტაციების შემდეგ, თავიანთი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს აჭარის, ბორჯომისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში მურა დათვების რაოდენობა.
დღის ბოლოს მონაწილეებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე ხანჩალის ტბა მოინახულეს, რომელიც მრავალ ტბას შორის ჯავახეთის ეროვნულ პარკში შედის. მოხალისეები და რეინჯერები ტბის სანაპიროდან ნაგავსაც აგროვებდნენ.