26 ოქტომბერს ახალქალაქში, ელენა ფიგელის სახელობის პარკში ძუძუს კიბოსთან ბრძოლისადმი მიძღვნილი ფლეშმობი გაიმართა. მთელი თვის განმავლობაში საინფორმაციო კამპანია სლოგანით „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის“ იმართება.
ელენა ფიგელის სახელობის პარკი ვარდისფერი ბანტებითა და ბუშტებით მორთეს, ადგილზე ბევრი ქალი და მამაკაცი შეიკრიბა. ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვის ფარგლებში ორგანიზებულ ფლეშმობში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, ექიმებმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილეებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და სხვებმა მიიღეს. ფლეშმობის მონაწილეებმა ვარდისფერი ბანტები (ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო) გაიკეთეს და ცაში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.
სიმბოლურია, რომ ფლეშმობი იმ პარკში გაიმართა, რომელსაც ექიმი ელენა ფიგელის სახელი დაარქვეს – იგი უშუალოდ მონაწილეობდა ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ამ წლის დასაწყისში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.
„გაშვებული ბუშტებით გვინდოდა გვეთქვა, რომ საქმე, რომელიც ელენამ დაიწყო, უკვდავია. ყველა ვიცით თითეული ჩვენგანის ჯანმრთელობის ფასი. ძუძუს კიბო სასჯელად არ უნდა ჩავთვალოთ. მთელი თვეა ვცდილობთ ვთქვათ, რომ თუ დაავადებას ადრე გამოვავლენთ, სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, – განმარტა ახალქალაქის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სედა მელკუმიანმა.
სიტყვით გამოვიდა რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან თოროიანიც:
„არა მხოლოდ სარძევე ჯირკვლის კიბო, არამედ სხვა ორგანოების კიბოც, განსაკუთრებით ქალებშია გავრცელებული. ამჟამინდელი ჯანდაცვის შესაძლებლობებისა და ხარისხის გათვალისწინებით, დიაგნოზი განაჩენი არ არის, რადგან თუ ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ და მისი გაუმჯობესებით არიან დაინტერესებულნი, სჯობს სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. ასეთ შემთხვევაში დაავადებას განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ და ვუმკურნალებთ. ასეთ დროს შემთხვევების 90%-ზე მეტი დადებითი შედეგს იძლევა და ადამიანები კიდევ დიდხანს ცხოვრობენ“.
როგორც ექიმები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, მოიწვიონ ამ დაავადების სპეციალისტები, მამოლოგები, თუკი ადგილობრივ მცხოვრებლებს ამის სურვილი იქნებათ. ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ ახალქალაქის საკრებულოს გენდერულ საბჭოს ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართონ.