რამდენიმე წლის წინ ახალქალაქისთვის ნაგავი აქტუალური პრობლემა იყო, თუმცა ყოველწლიურად მას ნელ-ნელა აგვარებდნენ. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, ახალქალაქის ზოგიერთი ქუჩა კვლავ ნაგავშია ჩაფლული. ერთ-ერთი მათგანი აღმაშენებლის ქუჩაა.
ხალქალაქის აღმაშენებლის ქუჩა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილია. აქ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რადგან მაღლივი შენობების უმეტესობა ქალაქის ამ ნაწილში მდებარეობს. ერთი კვირის განმავლობაში ტროტუარზე, სამშენებლო მასალების ერთ-ერთ მაღაზიასთან ძაღლის გვამი ეგდო. ზოგიერთ ტროტუარზე მცენარეულობასთან ერთად ნაგავიც იმატებს. აქ იპოვით მანქანის ზეთის ყუთებს, ბორბლებს, ბამპერებსა და მრავალ სხვას. მსგავსი ვითარებაა “ავერსის” აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ბოლომდე.
ყველა ეს პოლიეთინელის პარკი, პლასტმასის ბოთლები და სხვა ნაგავი მოსახლეობისა და გამვლელი მანქანების ბრალია. ასეთ შემთხვევებზე ჯარიმები ახალქალაქში ძალიან იშვიათად იწერება.
ვინ არის ვალდებული ამ ქუჩის სისუფთავე აკონტროლოს? – Jnews-ი შეეცადა საკითხში ეტაპობრივად გარკვეულიყო. ახალქალაქის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის მხითარ რსტაკიანის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის პრობლემების მოგვარება მათ მოვალეობებში არ შედის, რადგან ის აღმაშენებელი საავტომობილო გზის ნაწილია და მას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მართავს. თუმცა ზოგჯერ სერვის ცენტრი დასუფთავების სამუშაოებს მაინც ატარებს.
„ამ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები კომპანია „ჯავახ ავტო გზამ“ უნდა აწარმოოს, მაგრამ რადგან არ ასუფთავებენ, წელიწადში რამდენჯერმე თავად ვასუფთავებთ, როგორც ეს გუშინწინ მოხდა. თუმცა ჯავახეთიდან დაწყებული, აღმაშენებლის გავლით და ქალაქის ბოლომდე მათი კომპეტენციაა, მაგრამ მდგომარეობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან ესეც ჩვენი ქალაქია“, – განმარტავს იგი.
Jnews-ი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გზის მოვლაში ნაგვის შეგროვება, ორმოების გარემონტება და ყველა ის სამუშაო შედის, რაც ამ გზას ესაჭიროება. თუმცა დეპარტამენტში ვერ გვიპასუხეს, თუ რატომ არ ექცევა ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩას სათანადო ყურადრება. ისინი დაგვპირდნენ, რომ საკითხს დააზუსტებენ და პასუხისმგებელ კომპანიას დაუკავშირდებიან, რათა ქუჩაზე უკეთ იზრუნონ.
მალე ზამთარი მოვა, ამ ქუჩაზე ნაგავი და ბალახი თოვლით დაიფარება და მერე შეეძლებათ მშვიდად დაელოდო, როდი მოვა გაზაფხული, მანამდე კი არაფერს გააკეთებენ.