საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 208 ახალი ფაქტი გამოავლინა.
პოლიციამ, 1 მაისის 21 საათიდან 2 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა, ხოლო 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის დილის 6 საათამდე 78 მოქალაქეა დაჯარიმებული.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 მაისს კიდევ 2 პირი დააჯარიმეს, ხოლო 2 მაისს 4 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 1 მაისს სულ 17 მოქალაქე დააჯარიმეს, ხოლო 2 მაისს 16 მოქალაქე დაჯარიმდა.
პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.