მსოფლიო ბანკმა საქართველოს ადამიანური კაპიტალის შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიში საქართველოს ადამიანურ კაპიტალს, მათ შორის, ქვეყნის მოსახლეობის უნარებს, ცოდნას და გამოცდილებას აფასებს, ქვეყნისთვის საერთო ფასეულობის ან ღირებულების თვალსაზრისით. დოკუმენტი მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროექტის ფარგლებში მომზადდა. პროექტი წარმოადგენს გლობალურ ძალისხმევას, რათა დაჩქარდეს უფრო მასშტაბური და ეფექტიანი ინვესტირება ადამიანებში, მეტი სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადამიანური კაპიტალის წინაშე არსებული გამოწვევები „კვლავ მნიშვნელოვანია“ და რომ ქვეყანა საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირს.
ინვესტირება მომავალ თაობებში
მომავალ თაობებში ინვესტირებასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ბავშვის განვითარების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს“.
აღიარებს რა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ბავშვის განვითარების შედეგების გასაუმჯობესებლად, დოკუმენტი რამდენიმე შემაშფოთებელ ტენდენციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა ზრდის შეფერხება, რაც ბავშვების შემეცნებით განვითარებაზე ახდენს გავლენას და ბავშვების თითქმის 6%-ში შეინიშნება, ხოლო 2-7 წლის ბავშვების თითქმის 40%-ს სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია აღენიშნება.
ამასთან, ხუთ წლამდე ასაკის ქართველი ბავშვების თითქმის ნახევარს სახლში სამზე ნაკლები საბავშვო წიგნი აქვს, ხოლო ოთხიდან თითქმის ერთი ბავშვი არ დადის ბაღში, განსხვავებით ევროკავშირისა, სადაც ბაღებში სიარულს თითქმის საყოველთაო ხასიათი აქვს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ადრეულ განვითარებაში არსებული შეფერხებები „შემოსავლების, გეოგრაფიული და ეთნიკური კუთხით გამოწვეული ძლიერი უთანასწორობის შედეგია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება“.
მაგალითისთვის, ზრდის შეფერხება სამჯერ უფრო მეტად შეინიშნება ისეთ ოჯახებში, სადაც დედის განათლების დონე საშუალოზე დაბალია, განსხვავებით ისეთი ოჯახებისა, სადაც დედას უმაღლესი განათლება აქვს. ანალოგიურად, 30 პროცენტული პუნქტით ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს სამ საბავშვო წიგნზე მეტი ჰქონდეთ სახლში, განსხვავებით ქალაქებში მცხოვრები ბავშვებისა.
რაც შეეხება ეთნიკურ გადანაწილებას, სამი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვიდან ერთზე ნაკლები დადის ბაღში, ქართველ ბავშვებში კი – ეს მაჩვენებელი ათიდან რვაზე მეტია.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამგვარი შეფერხებები ტვინის განვითარებაზე ახდენს გავლენას, ხელს უშლის ადამიანური კაპიტალის დაგროვებას მათი ცხოვრების მანძილზე, გავლენას ახდენს მათ გრძელვადიან კეთილდღეობაზე და ხელს უშლის მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
პროგრესი განათლებაში
ხაზს უსვამს რა განათლების მნიშვნელობას და აღნიშნავს რა, რომ საქართველომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედარებით მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, დოკუმენტი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) თანახმად, რეგიონში კითხვის თვალსაზრისით საქართველოს ბოლოდან მეორე ადგილი უკავია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის 15 წლის ასაკის მოსწავლეების 65% ფუნქციურად უწიგნურია, ანუ „მათ მარტივი ტექსტის სწორად დამუშავება და გაგება უჭირთ“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხიც, რომელიც „ევროკავშირის და ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.
განათლების დაბალი ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის შემოსავლებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე და როგორც დოკუმენტი აღნიშნავს, საქართველოს შესაძლებლობაზე, რომ გაზარდოს პროდუქტიულობა, ვინაიდან „შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების არარსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს მუშაკთა შანსებს, რომ ხარისხიანი სამუშაო მიიღონ, რაც საბოლოო ჯამში, მათ შემოსავლებსა და პროდუქტიულობაზე აისახება“.
გენდერული უთანასწორობა
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გენდერული მიკერძოება ქალთა შესაძლებლობებზე კვლავ აისახება: სამუშაო ძალაში გენდერული სხვაობა 19 პროცენტულ პუნქტს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ხელფასებს, მამაკაცები ქალებზე 16%-ით მეტს გამოიმუშავებენ.
ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ ქალებს უფრო დაბალი შემოსავლები აქვთ. ამასთან, მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგებში მათი არდაშვების ტენდენცია შეინიშნება.
ჯანმრთელობა და ჯანდაცვა
მსოფლიო ბანკის ანგარიში იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, გულის დაავადების, ინსულტის, კიბოს, დიაბეტის და ა.შ., გავრცელების თვალსაზრისით. „ეს გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანსაღ დაბერებაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამგვარი დაავადებების გავრცელება „ბევრად მაღალია“ ევროკავშირისა და მსგავსი განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. ეს მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, ვინაიდან დაავადებების არსებობა შრომის ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას, აიძულებს ზოგ ადამიანს, რომ ნაკლები იმუშაოს და დროზე ადრე გავიდეს პენსიაზე. შედეგად, ქვეყანაში, სადაც „დაბერების პროცესი ისედაც სწრაფად მიმდინარეობს“, შრომისუნარიანი მოსახლეობა კიდევ უფრო მცირდება.
ანგარიში განმარტავს, რომ არაგადამდები დაავადებების მაღალი გავრცელება სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ასევე დაბერებაზე და ხანშიშესული ადამიანების სიცოცხლის ხარისხზე ახდენს გავლენას. ამასთან, იზრდება კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაავადებათა მწვავე ფორმების განვითარების ალბათობა. არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავების საჭიროება „ჯანდაცვის სისტემას ზედმეტ ფისკალურ ტვირთად აწვება“.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენცია ის არის, რომ ჯანდაცვის მომსახურების მაღალი ხარჯები უბიძგებს ბევრ გაჭირვებულ და მოწყვლად ოჯახს არჩევანი გააკეთოს შემდგომ გაღარიბებასა და მკურნალობაზე უარის თქმას შორის.
რეკომენდაციები
დაადასტურა რა, რომ საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა განაგრძოს რეფორმების გატარება, რათა ადამიანური კაპიტალის განსავითარებლად უკეთესი და უფრო სამართლიანი მომსახურების მიწოდება უზრუნველყოს.
დოკუმენტის თანახმად, საჭიროა, რომ:
მასალა: Civil.ge