2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 13.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (37.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი- 9.5 მილიარდ აშშ დოლარს (34.4 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.
2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველოს მთავარ საექსპორტო ბაზრად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რჩება (ექსპორტის 14.0 პროცენტი), მაშინ როდესაც იმპორტირებული პროდუქციის ყველაზე მეტი წილი (17.7 პროცენტი) თურქეთზე მოდის.
საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია რუსეთის ფედერაციის წილი.
რუსეთზე მოდის საქართველოს ექსპორტის 11.5 პროცენტი, ხოლო იმპორტზე- 13.1 პროცენტი. საერთო ბრუნვაში კი რუსეთის ფედერაციის წილი 2022 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 12.6 პროცენტია.
რუსეთში ექსპორტზე 473 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 1.24 მილიარდის პროდუქცია შემოვიდა.
რუსული პროდუქციის იმპორტი 2021 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით 72.8 პროცენტითაა გაზრდილი.
რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციებს შორის პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის მოცულობაც აშშ დოლარებში, ბოლო 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4.5-ჯერ გაიზარდა და თითქმის 431 მილიონი შეადგინა.
გარდა ნავთობპროდუქტებისა, ქვეყანაში რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტების ხუთეულში ასევე შედის ხორბლის ან ჭვავის ფქვილი, კოქსი და ნახევარკოქსი, ნავთობის აირები, ხორბალი და მესლინი.
საქართველოდან რუსეთში კი ძირითადად ყურძნის ღვინოები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სპირტიანი სასმელები და მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანეს.
რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა შეწყვიტა დასავლეთის არაერთმა სახელმწიფომ, რის გამოც, რუსული პროდუქცია სხვა მწარმოებლების ნავთობპროდუქტებთან შედარებით გაიაფდა.
ქართული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილს ნავთობპროდუქტები, მათ შორის ბენზინი და დიზელი, რუსეთის ფედერაციიდან შემოაქვს.