ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 16 გაჭირვებულ ოჯახს საშუალება მიეცა ფულის დაზოგვის მიზნით სახლებში მზის ენერგია გამოიყენონ. პროგრამა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ პროექტის „განახლებადი ენერგიის ხელშეწყობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტმა სოციალური ქულების მქონე დაბალშემოსავლიანი ოჯახები მოიცვა. პროექტის ფონდი 100 000 დოლარია, რომლიდანაც 50 000 დოლარი აღჭურვილობაზე იხარჯება.
ახალქალქის LAG-მა პროექტი ორჯერ ჩაატარა, მაგრამ მონაწილეობის მსურველი არ გამოჩნდა, მოსახლეობა პასიური იყო.
„ამ კატეგორიის ხალხი აქტიური არ იყო. მედიაპროექტი გამოვაცხადეთ, დეპუტატებს და უფლებამოსილ წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ სოფლებში მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. მონაწილეები არ იყვნენ, ამიტომ მერიის სოციალურ სამსახურს ვთხოვეთ სოციალური სტატუსის მქონე ოჯახების სია გადმოეცა და ყველას ინდივიდუალურად დავურეკეთ, პროექტის შესახებ ვაცნობეთ. მაგრამ ამის შემდეგაც ცოტა მონაწილე გამოჩნდა – ჯამში 23 განაცხადი. მეტ მონაწილეს ველოდით“, – განმარტავს პროექტის მენეჯერი და ახალქალაქის LAG-ის თავმჯდომარე სერგეი ხაჩატრიანი.
თავდაპირველად პროექტის ფარგლებში 20 ოჯახის დაფინანსება იგეგმებოდა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტექნიკის ღირებულების გაზრდის გამო თანხა მხოლოდ 16 ოჯახის დაფინანსების საშუალებას იძლევა.
პროექტში მონაწილეობისთვის ოჯახებს კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინათ: სოციალური ქულების ქონა, ქალაქიდან შორს სოფელში ცხოვრება, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი. პრივილეგიები ჰქონდათ ოჯახებსაც, რომლებშიც შშმ პირები იყვნენ.
სერგეი ხაჩატრიანის თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სტატუსი, მაგრამ LAG-ის წევრებმა უარი უთხრეს.
„მაინც ვერ გავიგეთ, ვის მიენიჭა დაუცველობის სტატუსი, ამიტომ შეხვედრაზე LAG-ის წევრებმა ცალ-ცალკე შეისწავლეს თითოეული განაცხადი და ადგილზე მოაგვარეს. თანხმობა მხოლოდ 1 უსტატუსო პირმა მიიღო, რადგან ოჯახში 4 ადამიანს აუტიზმი ჰქონდა. სტატუსის ქონა არ იყო ჩვენთვის საკმარისი, რადგან ადგილზე დავინახეთ, რომ სტატუსს იღებდნენ ისინიც კი, ვისაც ეს არ სჭირდებოდა“, – აცხადებს სერგეი ხაჩატრიანი.
მისი თქმით, ოჯახებს განაცხადის დაწერაში, EnergoPro Georgia კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებაში და სხვა საკითხების მოგვარებაში დაეხმარნენ.
პროექტის ყველა ბენეფიციარს უკვე დაუმონტაჟდა კონსტრუქციები, ზოგს პანელებიც აქვს დაყენებული და მალე სპეციალური მრიცხველები დამონტაჟდება. მრიცხველებს EnergoPro Georgia დაამონტაჟებს და კომპანიის გენერალურ ქსელს დაუკავშირდება. ელექტროენერგიის მოხმარების ანგარიში წელიწადში ერთხელ შესრულდება. ელექტროენერგიის საფასურს ბენეფიციარები ყოველთვიურად არ გადაიხდიან. სპეციალური მრიცხველები სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობას და კომპანიის გენერალურ ქსელში შესავალს აღრიცხავს.
თითოეული ოჯახი 3 კვტ ელექტროენერგიას მიიღებს – მზის სადგურები 3 კვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
ბაბაჯანიან ენოქი, ახალქალაქის LAG-ის წევრი, რომელსაც ამ ტიპის ელექტროენერგიის გამოყენების გამოცდილება აქვს, ბენეფიციარებთან კონსულტაციებს ატარებს და ხსნის, თუ როგორ მუშაობს მზის პანელები.
მისივე თქმით, 16 ოჯახს, რომლებმაც უფასოდ მიიღეს მზის სადგურების დამონტაჟების უფლება, შეუძლიათ 25 წლის განმავლობაში 3 კვტ ელექტროენერგია გამოიყენონ და არ გადაიხადონ, თუ ბოროტად არ გამოიყენებენ მას. ყოელივეს ოჯახების უშუალო დახმარებად მიიჩნევს.
“გაზაფხულსა და ზაფხულში შეუძლიათ ელექტროენერგია დაზოგონ, ზამთარში კი დახარჯავენ. კომპანია წელიწადში ერთხელ აკეთებს ანგარიშს. ყოველთვიურად მათ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ უწევთ, თუნდაც ასე ყოფილიყო, მათ შეუძლიათ კომპანიას ელექტროენერგია გაზაფხულზე მიჰყიდონ და ზამთარში გამოისყიდონ“, – განმარტავს ბაბაჯანიან ენოკი.
ბენეფიციარების მზის პანელები მუშაობას ერთ თვეში დაიწყებს.