ახალქალაქში სეზონურმა გრიპმა საკმაოდ სწრაფად დაიწყო გავრცელება. ექიმი ალექსან თოროიანი მოსახლეობას აცრისაკენ მოუწოდებს, რათა გრიპის გავრცელება და ინფექციის შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.

ვაქცინები ახალქალაქის საავადმყოფოშია და ვაქცინაციაც დაწყებულია. უპირველეს ყოვლისა სამედიცინო პერსონალს ცრიან.

„გრიპის ეპიდემია სეზონურია და ბევრი გვიკავშირდება. სამწუხაროდ, ვისაც წინასწარ ვაქცინაციას ვთავაზობთ, თავს არიდებენ. ამიტომ თქვენი მეშვეობით მინდა ვთხოვო საზოგადოებას ფხიზლად იყვნენ. 60 წელზე მეტი ასაკისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე რისკჯგუფის პაციენტებს შეუძლიათ ვაქცინაციისთვის მოგვმართონ. ყოველივე უაღრესად მნიშვნელოვანია დიალიზის მქონე პაციენტებისთვისაც, რადგან მათი დაავადება და გართულებები არასასურველია“, – აცხადებს ექიმი თოროიანი.

რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, დაავადებები სეზონურია. ამ პერიოდში პაციენტების უმეტესობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით არის დაკავებული.

„მხოლოდ მძიმე შემთხვევების დროს  მოგვმართავენ. სერიოზული გართულებებიც შევხდა და შესაბამისი დახმარებაც აღმოვუჩინეთ. რეგიონში ტენდენციაა – როდესაც დაავადება პიკს მიაღწევს, მაშნ მიდიან ექიმთან. ახლა არა მხოლოდ გრიპი, არამედ სხვა ისეთი სერიოზული და რთული ვირუსული დაავადებებია გავრცელებული, რომლებსაც პირველად ვაწყდებით და ძნელი სათქმელია, რომელ ვირუსთან გვაქვს საქმე“, – განმარტავს ის.

ახლო მომავალში გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ალექსან თოროიანიც აპირებს.

„გრიპის ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია, 90-95 პროცენტით გვიცავს, იმუნიტეტს აძლიერებს. უკვე მეოთხე წელია ვაქცინირებული ვარ, რადგან თვითონ ვარ გრიპის ვირუსის მიმართ მგრძნობიარე, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საერთოდ არ მიავადმყოფია“, – ამბობს იგი.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალქალაქის საავადმყოფოში ყოველ სამუშაო დღეს დილიდან 16:30 საათამდე უფასოდ ტარდება.

გრიპის ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ, ოქტომბერ-ნოემბერში ტარდება, ამის შემდეგ მის გაკეთებას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან გრიპის ვირუსის გავრცელების შემდეგ შედეგს არ იძლევა. ვაქცინაცია 18 წელზე უფროს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ახალქალაქის საავადმყოფოს დღემდე მხოლოდ ორმა მოქალაქემ მიმართა.

ალექსან თოროიანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხვევები შემცირდა, ის მაინც ფიქსირდება.

„დადებითი შემთხვევებიც გვაქვს. ძალიან ცოტა მოგვმართავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია არ ვრცელდება. როგორც ხედავთ საზოგადოებას არ სურს ყველა სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტი დაიცვას. მათ ჰგონიათ, რომ კორონავირუსი აღარ არსებობს. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ქალაქში ფატალური შემთხვევები ჯერ კიდევ გვაქვს”.

ექიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსი არ უნდა დავივიწყოთ, შევეგუოთ, მაგრამ არ დავაიგნოროთ. საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ აუცილებელია ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც ერთი-ორი წლის წინ ვიცავდით.