12 ოქტომბრის დილას ახალქალაქი-ახალციხის საავტომობილო გზიდან მორიგი სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა ორმოში აღმოჩნდა. არავინ დაშავებულა, თუმცა სატვირთო მანქანის გადაბრუნების მაღალი რისკი არსებობდა.

გზის ორივე მხარეს სატვირთო მანქანები ერთდროულად მოძრაობდნენ და რადგან გზა ვიწროა, დათმობისას ერთ-ერთი სატვირთო მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა.  მსგავსი სიტუაციები ახალციხე-ახალქალაქის გზის ამ მონაკვეთზე საკმაოდ ხშირად ხდება.

gund მძღოლები აღნიშნავენ, რომ ძალიან საშიში მოსახვევია.  მათ ამ ნაწილის დაბეტონებას და მის ქვეშ სადრენაჟე სისტემის მოწყობას სთავაზობენ, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები არ მოხდეს.

გზის ეს მონაკვეთი საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის. იმის გასარკვევად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ საკითხის მოსაგვარებლად, Jnews-ი ახალქალაქის მერს მელქონ მაკარიანს დაუკავშირდა.

„ამ საკითხით დავკავდები, რადგან მოსახლეობას აწუხებს. საგზაო ადმინისტრაციაში განცხადებას შევიტანთ და გავიგებთ რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა მერმა.

ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზის კაპიტალური რემონტის დროსაც სატვირთო მანქანები ამ ორმოში ვარდებოდნენ. ამ პერიოდში მშენებლებმა ახალი ასფალტი დაშალეს და ხელახლა დააგეს, თუმცა კვლავ წარუმატებლად – პრობლემა მოუგვარებელია.