პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.

კანონპროექტის გათვალისწინებით, პარლამენტი პირს ოლიგარქად იმ შემთხვევაში აღიარებს,  თუ ის ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს. მიღებული კრიტერიუმებია – პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა; იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარად ყოფნა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ასევე მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, რომელშიც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით და 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, მასთან დაკავშირებულ წესებს კი პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტი ოლიგარქად აღიარებული პირისთვის შეზღუდვებს დააწესებს. რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს შეეზღუდება: პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება დაკავშირებული პირების ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, რომელშიც ის საბოლოო ბენეფიციარია; ასევე კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.