„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი დებულება ემატება, რომელიც დანაშაულად აცხადებს საქართველოში შესვლის მიზნით, ქორწინებაზე იძულებას და პირის დაყოლიებას, თუ ამას მოჰყვება ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები. აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას.

კანონპროექტის მიხედვით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულების მიზნით პირის დაყოლიება

საქართველოში შემოსასვლელად, თუ ამას მოჰყვა ქვეყანაში შემოსვლისკენ მიმართული ქმედებები, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.