“ძალიან მიყვარს შოპენი. როცა სიმაღლეში 1,88 მ ვიქნები, ან შეიძლება 1,89, მოვაწყობ ჩემს კონცერტს ვარშავაში და მინდა შოპენის ყველა ნამუშევარი ერთდროულად შევასრულო. კონცერტი დაახლოებით 6-7 საათი გაგრძელდება”, – არსენ კარაპეტიანი, პატარა პიანისტი ახალქალაქიდან, რომელსაც დიდი მიზნები აქვს, თავის სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.
არსენ კარაპეტიანი მეხუთე კლასში, 11 წლისაა, მაგრამ მას ბავშვური ოცნებები არ აქვს. თავდაპირველად პროგრამისტობა სურდა, მერე მუსიკით დაინტერესდა, ოცნებობდა ფორტეპიანოზე, რომელიც საბოლოოდ მიიღო და დაიწყო „ფრენა“ მუსიკის სამყაროში. მშობლებმა მისი მუსიკალური ნიჭი ადრეული ასაკიდან შენიშნეს.
„კარგი სმენა ჰქონდა, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, გიტარაზე დაკვრის სურვილი გაუჩნდა, მერე საქსოფონზე უნდოდა დაკვრა, ბავშვობიდან ყველა მუსიკალური ინსტრუმენტით იყო დაინტერესებული, მაგრამ რადგან რეგიონში სხვა ინსტრუმენტები არ გვქონდა, ფორტეპიანო აირჩია. ყოველწლიურად წერილს სწერდა თოვლის ბაბუას და ფორტეპიანოს სთხოვდა. მასწავლებელში გაგვიმართლა, სვეტლანა კაროიანმა შეძლო მისი ნიჭის გამოვლენა“, – სიამაყით ჰყვება არსენ კარპეტიანის დედა არმინე.
არსენ კარაპეტიანი ენთუზიაზმით საუბრობს თავის გამოსვლებზე, კომპოზიტორებზე, განსაკუთრებით შოპენზე.
მისი პირველი კონცერტი პირველ კლასში 2018 წელს ახალქალაქის სამუსიკო სკოლაში გაიმართა. არსენმა მონაწილეობა ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსში „მომავლის ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა და სპეციალური პრიზი „პატარა ვირტუოზი“ მოიგო. ამ ზაფხულს ბათუმში მუსიკისა და ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
2023 წელს პარიზში მიიწვიეს. თუმცა მანამდე კონკურსისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომას თბილისში გაიმართება.
არსენ კარაპეტიანი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის წევრია, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით გაიხსნა.
სურს პოლონეთშიც გამოვიდეს, რადგან იქ მისი საყვარელი კომპოზიტორი შოპენი დაიბადა. ოცნებობს პოლონეთში ან პარიზში ფრედერიკ შოპენის სახელობის სკოლის ან კონსერვატორიის გახსნაზე.
კითხვაზე „რომელი ნამუშევარი მოგწონს ყველაზე მეტად“ გვპასუხობს: „შოპენი- შოპენია, ყველა მისი ნამუშევარი“.
არსენ კარაპეტიანი თამაშობს ჭადრაკს, თავისუფალ დროს კითხულობს, ხატავს. მამასთან ერთად ჯავახეთის თითქმის ყველა ულამაზესი კუთხე მოინახულა: ფარავანი, საღამო, კარწახი, მადათაფა, თეთრობი. ის აღიარებს, რომ უყვარს განმარტოება და სურს იყოს მოგზაური, იაროს ტყეებში, გამოიკვლიოს.
ბევრ კითხვას არაჩვეულებრივად პასუხობს, ხან იუმორით, ხან ღრმა მნიშვნელობით, რომელიც არ არის ბავშვური.
კითხვაზე “რომელია მისი საყვარელი კერძი”, გვპასუხობს: “ახლა ვიწყებ ცხოვრებას, ჯერ ადრეა საყვარელ კერძზე საუბარი. დედაჩემის პიცა მიყვარს ძალიან, ვეუბნები ახალქალაქში პიცერია გახსნას”.
არსენს სურს ცნობილი პიანისტი გახდეს და როცა ამას შეძლებს ახალქალაქში დაბრუნდება, თუმცა არა საცხოვრებლად, არამედ სანახავად, ჩამოინგრა თუ არა მისი მშობლების სახლი.
არსენის მშობლები, მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში ერთადერთი შვილია, მზად არიან „გაუშვან“ დიდების გზაზე.
ჩვენი საუბრის ბოლოს „პატარა ვირტუოზმა“ დაუკრა ნაწარმოები, რომელსაც ჩვენი და ნათესავების გარდა ახალქალაქში ყოფნისას ცნობილმა პიანისტმა პოლინა ასეტინსკაიამაც მოისმინა და შეაქო იგი.