FLEX-ის პროგრამაზე რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 13 ოქტომბერია. საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ჯავახეთში მოსწავლეებთან FLEX-ის პროგრამის შესახებ ონლაინ კონსულტაციას აწყობს, სადაც სტუდენტები ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.
Future Leaders Exchange Program (FLEX)-ის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრობაა. პროგრამა საშუალებას აძლევს საშუალო სკოლის მოსწავლეებს უფასოდ ისწავლონ და იცხოვრონ ამერიკაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ პროგრამას სრულად აშშ-ს მთავრობა აფინანსებს.
მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: იყვნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები, დაბადების თარიღი 2006 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 15 ივლისამდე. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შშმ მოსწავლეებსაც, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყვნენ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები დაბადების თარიღით – 2005 წლის 15 თებერვლიდან 2008 წლის 15 ივლისამდე. მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე – https://ais.americancouncils.
რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეებმა უნდა გაიარონ სამი ეტაპი: პირველი ეტაპი მოიცავს აპლიკაციის შევსებას და ესეს დაწერას (სამი). ამისთვის სტუდენტებს ექნებათ 10 დღე. მეორე ეტაპი არის 15 წუთიანი ინგლისური ტესტი. ხოლო მესამე ეტაპი – აპლიკაცია, ესე, ინგლისური ენის ტესტი და გასაუბრება.
30 სექტემბერს, 16:00 საათზე, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში FLEX-ის პროგრამის შესახებ ჯავახეთის სკოლის მოსწავლეებთან Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ონლაინ კონსულტაციას მოაწყობენ. შეხვედრის დროს პროგრამის ორგანიზატორები ახსნიან ყველა იმ დეტალს, რომელიც გასათვალისწინებელია განაცხადის მიღების პროცესში და უპასუხებენ კითხვებს. დაინტერესებული პირები უნდა შეუერთდნენ შეხვედრას ბმულით (https://us02web.zoom.us/j/
შეხვედრის პაროლისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე – 599770658 ან 557909065.
Future Leaders Exchange Program (FLEX) – კულტურული გაცვლის პროგრამა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის 1992 წელს სენატორ ბილ ბრეიდლმა შექმნა. საქართველოდან ყოველწლიურად 70 მონაწილე ხდება ფინალისტი. ეს პროგრამა საქართველოში ოცდაათი წელია მოქმედებს და 1500-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. მის ფარგლებში ამერიკულ სკოლაში ერთი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 100-მდე კურსდამთავრებული სწავლობდა. ყოველწლიურად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან ფინალისტი 2-3 მოსწავლე ხდება.