ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაგავსაყრელად გადაიქცა. მაისიდან მარშრუტის მთელ სიგრძეზე სატვირთო მანქანები დღეების განმავლობაში დგანან და მიმდებარე ტერიტორიებს მძღოლები აბინძურებენ.
პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის კოლოფები, გამოყენებული ერთჯერადი თეფშები, ხელსახოცები, სხვადასხვა საკვები პროდუქტები, სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს – გზისპირა 25 კმ ნაგვით არის „მორთული“.
გზატკეცილთან მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაერთხელ გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ.
დადეშის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ არაერთხელ გააფრთხილეს, აცნობეს სოფლის უფლებამოსილ და სხვა პასუხისმგებელ პირებს.
„არ მახსოვს, რამდენჯერ ვთქვით, რომ ჩემი კარტოფილის ველი გზასთან ახლოსაა და ნაგავსაყრელად გადაიქცა. რამდენჯერმე გავასუფთავე, მაგრამ როდემდე შეგვიძლია?“ – აცხადებს დადეშის მცხოვრები.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ ვაჩიანის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
„უკმაყოფილების გამოსახატავად გზა გადავკეტეთ, მოვიდა პოლიცია და განგვიცხადა თუ კიდევ გადავკეტავთ, დაგვიჭერენ. სოფლის მოსახლეობა იძულებულია სახლების წინ ტერიტორია დაასუფთავოს, მაგრამ რამდენჯერ? უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხით დაკავდება“, – განმატავს სოფლის მცხოვრები.
სოფელ ვაჩიანის სპეციალისტი ფიოდორ თოროსიანი ამბობს, რომ სოფელში გზის გადაკეტვის მცდელობა იყო, თუმცა არა ნაგვის, არამედ გზიდან წამოსული მტვრის გამო, რომლის პრობლემა უკვე მოგვარებულია.
„ უნდა აღვნიშნო, რომ ნაგავი ყოველთვის იყო, რადგან სატვირთოს მძღოლები მას ფანჯრიდან ყრიან, გაჩერებების შემდეგ კი უფრო გახშირდა. ვასუფთავებთ რამდენადაც შეგვიძლია, ვაწყობთ შაბათობას. მომუშავეებიც ასუფთავებენ, მაგრამ ვინ არიან ეს ხალხი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოფლის სპეციალისტმა.
აღნიშნავს, რომ გზაზე ნაგვის ურნებია, მაგრამ სატვირთოს მძღოლები არ ჩერდებიან, რათა ნაგვის ურნაში ჩაყარონ – ფანჯრიდან ყრიან.
გზის ამ მონაკვეთზე კონტეინერები ცარიელია.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზიდან ნაგავი კომპანია “ჯავახავტოგზას” გააქვს.
„კვირაში ერთხელ ვასუფთავებთ, მაგრამ დამლაგებლები კი არა, მშენებლები ვართ. ჩვენ ვასუფთავებთ, რათა სისუფთავე იყოს, ისინი კი აბინძურებენ. კანონი უნდა მივიღოთ, რომ ყველა დაჯარიმდეს. დღეს გავასუფთავებთ, ხვალ ისევ იგივე მდგომარეობა იქნება“, – ამბობს კომპანიის დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ.
ინასარიძე ასევე ამატებს, რომ მათ არ აქვთ უფლებამოსილება გააფრთხილონ ან დააჯარიმონ ხალხი ტერიტორიის დაბინძურების გამო.