მანძილი ახალქალაქიდან ბათუმამდე 391 კმ-ია, მგზავრობის დრო დაახლოებით 6 საათი, ხოლო ხულოს გავლით გზა შედარებით მოკლე – 234 კმ. ბათუმი-ახალციხის სახელმწიფო საავტომობილო გზის შიდა მნიშვნელობის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის, ხიდების და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი წერეთლის თქმით, გზის სარემონტო მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც ამ მონაკვეთზე არსებობდა, სამუშაოები გრძელდება და აქტიურ ფაზაშია. ასევე, გზის მონაკვეთის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ორი ტურისტული ზონის – ბეშუმისა და გოდერძის განვითარებას.
გზის 42 კილომეტრიან მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დასრულდება ასფალტობეტონის საფარის 2 ზონა.
საგზაო სამუშაოებს ქუვეითის ფონდი აფინანსებს.
სამუშაოების ღირებულება 95 689 302 ლარია.