სახელმწიფო სააგენტოს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა «აწარმოე საქართველოს» ფარგლებში დაფინანსებული 1338 პროექტიდან, Jnews-ის ცნობით, ჯავახეთში მინიმუმ 10 პროექტი დაფინანსდება.
Jnews-ის კვლევის მიხედვით, ჯავახეთში (ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები) ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი მინიმუმ 26-მა პროექტმა გაიარა. აქედან 17 ახალქალაქში და 9 ნინოწმინდაში (ეს რიცხვები შესაძლოა 1-3-ით ნაკლები იყოს ოფიციალურ მონაცემებზე).
ახალქალაქში 17 პროექტიდან საბოლოოდ 6 პროექტი დამტკიცდა და 11 პროექტმა უარი მიიღო დაფინანსებაზე. გამარჯვებული პროექტები ძირითადად არაორდინალური და არა გავრცელებული იდეებია, რომლებიც დაკავშირებულია ოქროს დამუშავებასთან, არქიტექტურასთან, საინტერესო თამაშების ორგანიზებასთან, მანქანის მოვლასთან და ა.შ.
ნინოწმინდაში 9 პროექტიდან 4-მა მიიღო დაფინანსების საბოლოო დასტური. 5 პროექტი არ დაფინანსდა. ნინოწმინდაში დაფინანსდა სტილისტური სალონის, მანქანის მომსახურების და რძის გადამუშავების პროექტები.
ჩვენი დაკვირვებით, პროექტებმა, რომლებმაც 90-ზე მეტი ქულა დააგროვეს, დაფინანსების დასტური მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში აპლიკანტების დასკვნით ეტაპზე გადასული 3700-დან 1338 გამარჯვებული გამოვლინდა.
პროგრამა მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. პროგრამის გრანტი წლეულს 30 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ საპილოტე რეგიონებში დაწყებული ინტეგრირებული განვითარების პროგრამის გრანტის ოდენობამ 40 000 ლარი შეადგინა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, გურიისა და კახეთის რეგიონებში.