ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუში ერთადერთი, 9 წლიანი სკოლა დაკეტილია. ახალ სასწავლო წელს სოფლის ბავშვები მეორე ცვლაში მეზობელ სოფელ დიდი ხანჩალის სკოლაში ისწავლიან, განათლებისა და კულტურის სამინისტრო მოსწავლეთა გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს უზრუნველყოფს.
სოფელ კათნატუს სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლე სწავლობს. სკოლის მოსწავლეების მშობლები ნერვიულობენ, რომ მათი შვილები მეორე ცვლაში ივლიან და სახლში 21:00 საათისთვის დაბრუნდებიან.
„სკოლა არ არის, ჩვენი 9 წლიანია, ბავშვები დიდი ხანჩალის ან ნინოწმინდის სკოლებში დადიან, თანაც მშობლების ხარჯზე. ჩვენი სოფლის სკოლის კედლები რამდენიმე წლის წინ მიწისძვრამ დააზიანა, მერე გალესეს, მაგრამ ამ ბოლო მიწისძვრის დროს დიდი ბზარები გაჩნდა. ახლა ამბობენ, რომ ახალ სკოლას ააშენებენ და ისევ 9-წლიანს, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის აშენდება“, – ამბობს სოფელ კათნატუს მცხოვრები არამაის ხაჩატრიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კათნატუს სკოლა
სოფელი დიდი ხანჩალი კათნატუდან 3 კმ-ში მდებარეობს. მრავალი წელია, ყველა კათნატუელი მოსწავლე მე-9 კლასის შემდეგ ხანჩალში განაგრძობს სწავლას. არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ნინოწმინდის სკოლებში გზავნიან. მოსწავლეები სოფელ დიდი ხანჩალისა და ქალაქ ნინოწმინდის სკოლებში დამოუკიდებლად მიდიან. სახელმწიფომ ტრანსპორტი ცოტა ხნის წინ, მაისში გამოყო, რადგან სოფლის სკოლა ავარიულია. ფაქტია, რომ მაისში სამებაში დაფიქსირებულმა ძლიერმა მიწისძვრამ სკოლის შენობის კედლებზე ბზარები გააღრმავა.
„სად გინახავთ, რომ ბავშვმა სკოლაში არ იაროს, უნდა შეიქმნას პირობები, პირველ კლასში ბავშვი ერთი საათი ონლაინ სწავლობს ტელეფონით, ეს საკმარისი არ არის ნორმალური განათლების მისაღებად. რა, 21-ე საუკუნეა და ჩვენი შვილები გაუნათლებლები უნდა დარჩნენ, გვითხარით, რა გავაკეთოთ, ყველა მშობელს არ აქვს საშუალება, ყოველდღე წაიყვანოს ბავშვი ნინოწმინდაში და თავისი სახსრებით უკან დააბრუნოს“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, რომლის ორი შვილი არის სკოლის ასაკის.
სოფელ კათნატუს მოსახლეობა ყველა პრობლემაზე თვალს ხუჭავს, განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სკოლის პრობლემა ძალიან აწუხებთ.
წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სკოლის ნორმალურ შენობას ითხოვს, სთავაზობდნენ სოფლის ცენტრში ახალი სკოლის აშენებას, რადგან ძველი შენობა სოფლის ბოლოს მდებარეობს. ზამთარში კი იქ მოხვედრა რთულია, რადგან სოფელ კათნატუში მკაცრი ზამთარია, მეტრზე მეტი თოვლი მოდის.
„ზამთარში ტრაქტორებიც კი ვერ ახერხებენ ამ გზაზე გავლას, როგორ შეიძლება პატარა ბავშვი სოფლის ერთი ბოლოდან მეორეში მივიდეს, მშობლები როგორღაც ეხმარებიან“, – ამბობს სამველ ხაჩატრიანი.
ბავშვები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგანან. ორი სოფლის მოზარდები დროდადრო ჩხუბობენ. როგორც სოფელ კათნატუში ამბობენ, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხანჩალელი ბავშვები კათნატუელ ბავშვებს ეუბნებიან, რომ თავიანთ სკოლაში მათზე უკეთ არ უნდა სწავლობდნენ.
„ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ თუ სახელმწიფო ვერ აშენებს, მშობლები მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენს სოფელზე პატარა სოფლებს ნორმალური, გარემონტებული, 12-წლიანი სკოლები აქვთ“, – ამბობს კათნატუს მცხოვრები.
ფოტოზე სკოლა შორიდან მოსჩანს
სკოლაში, რომლის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია, შარშან, საპირფარეშო ააშენეს ევროპული სტანდარტებით. ტუალეტის რემონტისთვის 58 000 ლარი გამოიყო.
სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩამოვარდნილი ჭერი
JNEWS-ის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში ახალი სკოლის მშენებლობაზე განაცხადი განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეტანილია. ასევე, აუცილებელია ტერიტორიის გამოკვლევა. თუმცა, ნინოწმინდის მერის ანივარდ მოსოიანის თქმით, სოფელ კათნატუში ახალი სკოლის მშენებლობის დოკუმენტი მერიაში ჯერ არ წარუდგენიათ.