დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველი პლენარული სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. 6 სექტემბრის სხდომაზე სავარაუდოდ, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხსაც განიხილავენ და კენჭს უყრიან.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ.მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს (პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და მხარი არ დაუჭირა). ამავე კვირაში დაგეგმილია 5 ანგარიშის მოსმენა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შემდეგ, 7 სექტემბრის სხდომაზე, კომუნიკაციის კომისიის 2020 წლის ანგარიშის მოსმენა იგეგმება, ამავე დღეს მოუსმენენ, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშსაც, 8 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს, ასევე კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის ანგარიშს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – კვლავ ასარჩევია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები, ასევე ახალი სახალხო დამცველი.
გარდა ამისა, საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს გენერალური პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას სთავაზობს.