ინდმეწარმე ჰასმიკ შახბეკიანმა მონაწილეობა მიიღო LAG-ის (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი) საგრანტო კონკურსში, ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში საოჯახო ბიზნესის გაფართოების მიზნით და მოიგო გრანტი. დღეს ხელნაკეთი ტყავის ნაწარმის წარმოება განვითარდა, მაგრამ ბიზნესი გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა შემდგომი განვითარების მიზნით.
მოგებული პროექტი 22500 ლარი იყო. მთლიანი თანხიდან 9500 ლარი, თავად განმცხადებლის შენატანი, დანარჩენი გრანტია. შახბეკიანების ტყავის ნაწარმის ბიზნესი გრანტის მიღების შემდეგ ვითარდება, მაგრამ ისინი ვერ შოულობენ თანამშრომლებს, საწარმოო დონეს რომ მიაღწიონ, ასევე ვერ ყიდულობენ საკერავ მანქანას.
შახბეკიანებმა გრანტით შეიძინეს ბარტოს საკერავი მანქანა, გრავიურის მანქანა, სახელოსნო მოაწესრიგეს: გააკეთეს სველი წერტილი და დაამონტაჟეს გათბობის სისტემა.
„კმაყოფილი ვართ, გრანტის მიღების შემდეგ გვაქვს პროგრესი, შეკვეთებს ვერ ვასწრებთ. პროგრამა ჩვენთვის სტიმული იყო. ვმუშაობთ ხელით, ახლა გვჭირდება საკერავი მანქანა და შევძლებდით დღეში 30 წყვილი ფეხსაცმლის შეკერვას. პრობლემა მომუშავეებშიც არის, ვერ ვპოულობთ“, – ამბობს ვაღარშაკ შახბეკიანი.
მოსწავლეები ჰყავდათ, მაგრამ ვისაც კარგად გამოსდიოდა, ისწავლეს და წავიდნენ, სხვებმა კი ხელობა უბრალოდ ვერ აითვისეს.
ვაღარშაკ შახბეკიანი ფიქრობს, რომ მოსწავლეების სწავლებისთვის ცალკე პროგრამაა საჭირო.
„სწავლის პერიოდში მოსწავლეები მაინც აფუჭებენ ტყავს, ხოლო თუ იქნება სწავლების ცალკე პროექტი, ბიზნესი არ დაზარალდება“, – ამბობს ის.
შახბეკიანები მემკვიდრეობითი ფეხსაცმლის მწარმოებლები არიან. ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი: ვაღარშის ბაბუა არმინაკი, მამა, ძმა, უკვე ცოლი ჰასმიკი. მას უნდა, რომ შვილმა გააგრძელოს ბიზნესი, მაგრამ ჯერ პატარაა, არ აქვს გადაწყვეტილი.
შახბეკიანების ოჯახს სურდა წარმოების ბრუნვის გაფართოება და გაზრდა, რაც გამოუვიდათ. ვაღარშაკი თავად ქმნის მოდელებს, თვითონ კერავს, ყველა ნაწარმი ხელით არის გაკეთებული, ჰასმიკი ეხმარება. კერავენ ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს, ჩექმებს, ნახევრად ჩექმებს, ამზადებენ ტყავის ქამრებს, საფულეებს და ტყავის სხვა ნაწარმს.
ვაღაშაკი ახლა შეკვეთით კერავს, მაგრამ უკვე გასაყიდად აპირებს კერვას, “რათა ხალხი საამქროში მივიდეს, შეხედონ, იყიდონ”.
მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის, რადგან ვერ პოულობს თანამშრომლებს, რომლებიც სწავლის დამთავრების შემდეგ მასთან დარჩებიან და იმუშავებენ.
შახბეკიანი ამბობს, რომ მისი ფეხსაცმლის ტარება სამ სეზონზეა შესაძლებელი და დასძენს.
„ტყავის ფეხსაცმელმა არ უნდა დაკარგოს გარეგნობა და ცვეთასთან ერთად კიდევ უფრო ლამაზი უნდა გახდეს“.
მისი პროდუქციის მყიდველები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა აქვს შეკვეთები თბილისიდან და საზღვარგარეთიდან. საშუალო ფასი 150-200 ლარია. ფეხსაცმელს ის ადამიანები უკვეთავენ, რომლებსაც აქვთ პრობლემური ფეხები (დიდი ზომა, ფეხები სხვადასხვა პრობლემებით).
ვაღარშაკ შახბეკიანის თქმით, თუ ხელით მექანიზებულ წარმოებაზე გადავლენ, შესაძლოა ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ფასი შემცირდეს.