ახალქალაქელმა კოსმეტოლოგმა დანიელა კარახანიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ENPARD-2 2019 პროგრამის ფარგლებში LAG-ის (ადგილობრივი განვიტარების ჯგუფის) საგრანტო კონკურსში და გრანტი კოსმეტოლოგიის სფეროში თავისი ბიზნესის განვითარებისთვის მოიპოვა. მისი თქმით, ამ პროგრამის წყალობით, ის პირველი კოსმეტოლოგი იყო ქალაქში, რომელიც ლაზერულ აპარატზე მუშაობდა.
დანიელა კარახანიანი დაახლოებით 10 წელია კოსმეტოლოგად მუშაობს, ELOS ეპილაციას აკეთებდა, მაგრამ უფრო თანამედროვე აპარატურა სჭირდებოდა, რომლის შეძენაც თავად ვერ შეძლო. LAG-ის კონკურსის შესახებ როდესაც შეიტყო, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. გრანტის ოდენობით, რომელიც დაახლოებით 20 ათასი ლარი იყო, მან ლაზერული ეპილაციის აპარატი შეიძინა. კოსმეტოლოგის თქმით, ლაზერული ეპილაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ELOS ეპილაცია. მართალია, ამ მომსახურების ფასები უფრო მაღალია.
„ლაზერული ეპილაციის აპარატი რომ ჩამოვიტანე, ქალაქში არავის ჰქონდა, ახლა უკვე აქვთ და ქალაქში კონკურენციაა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ“, – ამბობს დანიელა კარახანიანი.
მართალია დანიელა კმაყოფილია, მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ქალაქში ბევრი ასეთი აპარატურაა და უკვე დიდი კონკურენციაა, მას ცოტა აწუხებს, მაგრამ ასევე აიძულებს და ავალდებულებს უკეთ იმუშაოს. მიუხედავად კონკურენციისა, ფასები არ იკლებს, პირიქით, უფრო მაღალია, ვიდრე ELOS ეპილაციის შემთხვევაში.
დანიელა კარახანიანი მარტო მუშაობს. მისი თქმით, ვინაიდან დიდი ხანია კოსმეტოლოგად მუშაობს, უკვე ჰყავს საკუთარი კლიენტები.