როგორ მიაღწიოთ წარმატებას თქვენს პროფესიაში, როცა პატარა ქალაქში ცხოვრობთ, სადაც მცირე შესაძლებლობებია, ან საერთოდ არ არის? ამ და სხვა მრავალის შესახებ მოგვიყვებიან ახალქალაქელი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.
ახალქალაქელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ წარმატება, ფული, აღიარება და პროფესიაში რეალიზება მხოლოდ ახალქალაქის, საქართველოს ფარგლებს გარეთაა შესაძლებელი. ამიტომ, ბევრი თავად ირჩევს ემიგრაციის გზას. ხშირ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება გამართლებულია. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, ადამიანები, რომლებიც შრომისმოყვარეობითა, დიდი ძალისხმევისა და საკუთარი ძალების მიმართ რწმენით ახალქალაქის ფარგლებს გარეთ იკაფავენ გზას წარმატებისკენ. მათ არა მარტო საკუთარი ადგილი მონახეს არჩეულ პროფესიაში, არამედ წინ მიიწევენ.
ანაჰიტ სტელმაშოვა – პიანისტი
ანაჰიტ სტელმაშოვას კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა პატარა ახალქალაქელი პიანისტი ქალაქის ფარგლებს გარეთ გაიცნეს. ფორტეპიანოზე დაკვრა ხიბლავდა და აოცებდა, როცა უკრავდა ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. ანაჰიტმა პირველი ნაბიჯები ახალქალაქის მუსიკალურ სკოლაში გადადგა. თუმცა ეს არ იყო საკმარისი წინსვლისთვის. ანაჰიტის ნიჭი შეამჩნიეს და ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე უკრავს, სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს.
„თუ ადამიანს გარკვეული ტალანტი აქვს და თუ მოსწონს ეს საქმე, მაშინ აუცილებლად უნდა იშრომოს დიდ წარმატებას რომ მიაღწიოს. მიმაჩნია, რომ ამ მომენტში მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ პრინციპში ბევრი პერსპექტივაა და შესაძლებელია განვითარება თუნდაც პატარა ქალაქში. თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ. რა თქმა უნდა, აქ დავიწყე, მაგრამ მაინც, ყველა სხვა პერსპექტივა დიდ ქალაქებშია, ასე რომ, ჩემი ბედი ის იყო, რომ შევხვდი ბევრ მართლაც მნიშვნელოვან ადამიანს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ ცხოვრებაში. მე მათი ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.”
პატარა ანაჰიტისთვის ყველაზე რთული ნათესავებთან, მშობლებთან განშორება იყო, რომლებსაც თბილისში სწავლის გამო დღემდე იშვიათად ხვდება.
„10 წლიდან თითქმის ნორმალურად არ მინახავს ჩემი მშობლები, მუდმივად მაქვს ურთიერთობა მათთან, სულ ეს არის, მაგრამ სულ ვცხოვრობ დიდ ქალაქში, ვმოგზაურობ და არ ვნახულობ მათ. ახლა უკვე მივეჩვიე. მაგრამ მანამდე მთელი ეს მოგზაურობები, ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.”
როცა მისი ასაკის სხვა ბავშვები ქუჩაში თამაშობდნენ, ანაჰიტი მთელ დროს ფორტეპიანოზე დაკვრას უთმობდა. შრომისმოყვარეობამ და ცხოვრებისეულმა ინერციამ მას წინსვლის შანსი მისცა.
„ეს ინერცია იყო, რადგან ბედმა ასე წამიყვანა. დავიწყე სწავლა, რამდენიმე კონცერტზე დავუკარი. გამიცნო მაყურებელმა, სხვადასხვა კონკურსებზე მიწვევდნენ, უბრალოდ ვმონაწილეობდი. მერე თანდათან მივხვდი, რომ ამით მინდა დავკავდე. ოცნებები გადაიქცა მიზნებად, ცხოვრების წესად. ახლა მიზანი მაქვს გავხდე მართლაც კარგი პროფესიონალი, საკონცერტო მუსიკოსი, ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვეძებო ახალი მე, შემოქმედებითობის გაგებით, ვეძებო ინსტრუმენტის ახალი ჟღერადობა, მოვძებნო ბევრი საინტერესო რამ, რისი გაკეთებაც ფორტეპიანოს შეუძლია, რაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი და შემდგომ განვავითარო, რომ მართლაც წარმატებული გავხდე.”
ანაჰიტი ამჟამად ერთადერთია ახალქალაქში, ვინც კლასიკური მუსიკის სფეროში წარმატებას მიაღწია. ახალქალაქში მიხვდნენ, რომ პერსპექტივა არსებობს. ამჟამად ის მაგალითია მრავალი ახალგაზრდისთვის, ვინც მუსიკით არის დაკავებული. ანაჰიტს სჯერა, რომ საქართველოში შეიძლება საკუთარი თავის პოვნა, ამისთვის შორს გამგზავრება არ არის საჭირო. მიაჩნია, რომ საქართველოში იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, ეს პრივილეგიაა.
“ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სადაც მეტი შესაძლებლობებია, მეტი, ვიდრე საქართველოში, ჩემს პროფესიაზე ვსაუბრობ. კიდევ ბევრი შესაძლებლობაა ევროპაში, რუსეთშიც. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება სხვა ქვეყანაში ამ ეტაპზე. სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობ, სხვადასხვა ქალაქს ვნახულობ და სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ მჭირდება. თავიდან სახელმწიფო ენა არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ლოგიკურია, რომ თბილისში ვსწავლობ და ენა ვისწავლე. ის, რომ სომეხი ეროვნების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, დამეხმარა. თავიდან მიჭირდა ინტერვიუების მიცემა, მაგრამ არავინ მსაყვედურობდა“.
აქსანა ავეტიანი – კარატისტი, მსოფლიო ჩემპიონი
მუსიკისა და ხელოვნებისგან განსხვავებით, ახალქალაქელებს სპორტში მეტი პოტენციალი აქვთ. თუმცა გოგონებისთვის ეს რთული გზაა. სწორედ სპორტში აღწევენ აქაურები ყველაზე ხშირად წარმატებას და ჩემპიონებიც ხდებიან, მაგრამ არა ქალებს შორის. აქსანამ სპორტში კარიერა 8 წლის ასაკში ახალქალაქში დაიწყო. 11 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თუ პატარა ქალაქში შესაძლებლობები ცოტაა, სოფლებში არანაირი შესაძლებლობა არ არის. ამიტომ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან უმეტესობა ტოვებს სოფლებს, ჯერ აქსანას ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა, სადაც მას ვარჯიშის საშუალება ჰქონდა. თუმცა, აქსანა მალე სამუდამოდ გაემგზავრება რუსეთში.
„ვფიქრობ, თუ ადამიანს აქვს მიზნის მიღწევის სწრაფვა, ის წინ წავა, იმისთვის, რომ ასეთი შედეგებისთვის მიმეღწია, რომელიც მამაკაცებში უფრო პოპულარულია, ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, არ გამოვტოვე ვარჯიშები. როცა მივაღწიე პირველ შედეგებს – ამან გამიჩინა მეტი ვარჯიშის და წინსვლის სურვილი. ამ გზის არჩევაში ჩემი მშობლები, მწვრთნელები დამეხმარნენ, შთამაგონეს, იმედი მომცეს, წინ წავედი. კარატეში ვარჯიში დავიწყე, როცა ჩემი ოჯახი სოფელ აზავრეთიდან ახალქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად, სოფელში რომ მეცხოვრა, სპორტის ამ სახეობით ნამდვილად ვერ დავკავდებოდი“.
მიუხედავად იმისა, რომ აქსანა წარმატებულ სპორტსმენად ითვლება, კარიერულ წინსვლას ის მაინც, არც ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში ხედავს.
“როდესაც დიდ ქალაქში გადავალ, მეტი შესაძლებლობა მექნება, ამიტომ უფრო მეტს ვიმუშავებ საკუთარ თავზე. ყველა სპორტსმენს აქვს მიზანი – გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. თუ რუსეთში გავამართლებ მათ იმედებს და ვიქნები კარგი სპორტსმენი, ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, ოლიმპიადაზე მოხვედრა ახალქალაქში ცხოვრებითაც იყო შესაძლებელი, რადგან იყო შესაძლებლობა გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი, შემეძლო ამ მიმართულებით მემუშავა, რომ ამ მიზნისკენ წავსულიყავი. ამას იქ არაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ ჩემმა ოჯახმა რუსეთში გადასვლა გადაწყვიტა. მამაჩემი იქ მუშაობს, ძმა სწავლობს, ამიტომ დედაჩემთან აქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა».
დარწმუნებულია, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა შესაძლებელია ეროვნების მიუხედავად. სპორტში კარიერის დაწყებისას პირველ მიზანს მიაღწია – ჯერ დანი, შემდეგ შავი ქამარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მიიღო კარატეს ინსტრუქტორის ლიცენზია და ბოლოს – მეორე დანი და მეორე შავი ქამარი.
“გამიჭირდა, რადგან ჩემთვის უცნობი გარემო იყო. უფრო მეტიც, ვინც ჩემთან ვარჯიშობდა, ყველა ბიჭი იყო, ჩემს გარდა. მაგრამ როცა კარატე შემიყვარდა, ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა, დანარჩენ სპორტსმენებთან დავმეგობრდი. ასევე რთული იყო ისიც, რომ ზურგსუკან ჭორაობდნენ, რომ ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი, მაგრამ არასდროს მინანია“.
ოთარ ერანოსიანი – მოკრივე
ოთარის ისტორიაც ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში, კარტიკამში დაიწყო. ჯავახი მოკრივე (ფსევდონიმით „პიტბული“) ამერიკაში პროფესიულ რინგზე განაგრძობს წინსვლას. 2019 წლიდან ცხოვრობს კისიმიში, ფლორიდაში, აშშ. იქ წარმოადგენს ამერიკულ კომპანია Warriors promoushen-ის კლუბს – WARRIORS GYM-ი. თუმცა რამდენიმე წლის წინ ასეთი გზა მხოლოდ სიზმარში წარმოედგინა. სწორედ მისმა ოცნებებმა მიიყვანა შედეგამდე. როგორც სხვა შემთხვევაში, ოთარის შემთხვევაშიც, დასაწყისი ახალქალაქში იყო, მაგრამ წინსვლა უკვე ქალაქსა და ქვეყნის გარეთ დაიწყო.
«ყველგან, ყველა ქალაქში და სოფელში შეგიძლია ივარჯიშო. იმდენი შესაძლებლობა გაქვს და ამისთვის იმდენი ნება და ძალა გაქვს. ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევ იმას, რასაც იმსახურებ. ყველაფერი გაძლიერებს. უფრო პროფესიონალურ დონეზე სხვა შესაძლებლობების გამოსაყენებლად საჭიროა დიდ ქალაქებში ყოფნა. რა თქმა უნდა, ყველაფერი რთულია, მაგრამ ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, გარდა ამისა, ჩემს პირველს მწვრთნელ ატომ ელიზბარიანს სჯეროდა რომ მივაღწევდი ყველაფერს, რაც გვინდოდა. ეს ყველაფერი ერთად დავძლიეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ.”
ერთია შებრძოლების ყურება ტელევიზორში და ოცნება, სულ სხვაა ოცნებამდე სიარული. მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია ამის გაკეთება.
“როდესაც დიდ ორთაბრძოლებს ვუყურებდი, ვოცნებობდი მოკრივე გავმხდარიყავი. არ მინდოდა მუშაობა და სწავლა, თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობიდან სპორტით დავკავდი. მხოლოდ კრივი, კრივი, კრივი. მერე, როცა ასე დალაგდა, დიდი კრივის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ყველაფერი თავისთავად მოხდა. გაცნობა, ადამიანები, რომლებსაც ხვდები დიდ ქალაქებში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, თუ ბევრი და მდიდარი ნაცნობი გყავს, გექნება წისვლის შანსი. თუ არა, მაშინ შესაძლოა ყურადღება არ მოგაქციონ”.
მიუხედავად იმისა, რომ ოთარი რამდენიმე წელია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, თვლის, რომ საბოლოოდ არ წასულა.
„აშშ-ში ჯერ სრულიად არ გადავსულვარ, მართალია ცოლ-შვილი ახლა ჩემთან არიან, მშობლები კი – ახალქალაქში, ვოცნებობდი, რომ წავსულიყავი დიდ ქალაქში, ლამაზ, მდიდარ ქალაქში, სანაპიროზე. მაგრამ, როცა აქ, მაიამიში მოვედი და ვარჯიში დაიწყო, კრივი და გამარჯვებები დაიწყო, უფრო მეტად დავიწყე ურთიერთობა, ახლა მეჩვენება, რომ ყველაფერი უფრო ადვილია, მენატრება ახალქალაქი და ჩემი სოფელი კარტიკამი“.
პატარა ქალაქიდან, თუ სოფლიდან ჩამოსული ადამიანისთვის წარმატების ისტორიას შრომით სავსე გრძელი გზა აქვს. შედეგად, „ბედი“ ყოველთვის აჯილდოებს ასეთ ადამიანებს, მაგრამ ბევრი უკვე მშობლიურ მიწაზე კი არა, ახალ სახლად ქცეულ უცხო მიწაზეა.