თბილისში ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის სიცოცხლისთვის იბრძვიან, რომელიც ოჯახის წევრის გაუფრთხილებლობის გამო დაინფიცირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის. რატიანის თქმით, ეს შემთხვევა იმის ნათელ დემონსტრირებას ახდენს, თუ რამდენად საჭიროა საზოგადოების ყოველი წევრის მხრიდან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
მისივე თქმით, ხშირად, სწორედ ახალგაზდები ხდებიან ვირუსის გადამტანები.
„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში, კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 22 აპრილს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 1 თვით გახანგრძლივდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი მოქმედებს