აფხაზეთში დაბადებული, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე არჩილ ჩიტაია 5 დღეა ცდილობს საქართველოს სასაზღვრო სამსახურისგან სამშობლოში, თბილისში დაბრუნების უფლება მოიპოვოს. რის საფუძველზე არ შემოუშვეს ის ქვეყანაში, ამის გარკვევას Jnews-ი შეეცადა.

Jnews-ის რედაქციას არჩილ ჩიტაიას და, ნესტანი დაუკავშირდა. არჩილი 5 დღეა საქართველოს საზღვარს ვერ კვეთს და თბილისში ვერ ბრუნდება, სადაც რამდენიმე წლის წინ ყაზანიდან გადმოვიდა. 1992 წელს აფხაზეთში დაბადებული არჩილ ჩიტაია, ისევე, როგორც მისი ოჯახი, აფხაზეთიდან ლტოლვილია. ყაზანში მამის დაკრძალვაზე წავიდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ქვეყანაში შემოსვლა ვერ შეძლო.

„აფხაზეთის ომის დროს მამა 2-ჯერ გაიყვანეს დასახვრეყად, მაშინ ბევრი განვიცადეთ. მთელი ჩვენი ოჯახის „დაბადების ადგილის“ გრაფაში წერია აფხაზეთი, ჩვენ რუსეთის მოქალაქეები ვართ. ჩემმა ძმამ არაერთხელ გადაკვეთა საზღვარი, რუსეთდან საქართვრელოში. ყველაფერი ნორმალურად იყო. ამჯერად მესაზღვრემ, გვარად გოგუამ უბრალოდ არ შემოუშვა საქართველოში. არ გაუფრთხილებიათ, რომ ეს ბოლო შემთხვევაა ან კანონი შეიცვალა, პასპორტი გამოცვალეთ ინტერესების განყოფილებაშიო, რომ პასპორტში ან სსრკ ჩაწერონ, ან საქართველო… მაგრამ ამბობენ, – არა, არ შევუშვებთ. შესვლის აკრძალვა დაუწერეს. რუსეთში ამბობენ, რომ ვერ ჩაწერენ სსრკ-ს, ახალი რეგლამენტი აქვთ, რა გავაკეთოთ? როგორც ადამიანმა, ქართველმა, ხოლო რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, აქედან 1500 ლტოლვილი, აქ როგორ ჩამოვიდეს. საქართველოს მოქალაქეობაზე შეტანა უნდოდა», – ამბობს არჩილის და, ნესტან ჩიტაია.

საზღვარზე მას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან გადასცეს დოკუმენტი „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის ან საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია პუნქტი „პირს საქართველოში შემოსასვლელად არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები“.

„შეყვარებულთან ერთად იყო, ის შემოუშვეს. ისიც რუსეთის მოქალაქეა, დავურეკე სახალხო დამცველს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს და გავაგზავნე განცხადებები, ყველა მონაცემი, ფოტოები. აქ ქირა აქვს, გადასახადებს იხდიდა. უთხრეს, რომ ამ საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ გუშინდელიდან არ დაურეკავთ. დავურეკე პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ვუთხარი, მედიას დავუკავშირდებოდი, მიპასუხეს, – მიბრძანდით, მთავარია უარესი არ იყოს თქვენთვისო“, – ყვება ნესტან ჩიტაია.

Jnews-ი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში შეეცადა იმის გარკვევას, თუ რატომ არის შეუძლებელი საქართველოს საზღვრის გადაკვეთა რუსული პასპორტით, როცა პირის დაბადების ადგილის გრაფაში მითითებულია აფხაზეთი?

„გუშინ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში არიან და დღეს ველოდები პასუხს. საქართველოში არ არსებობს ასეთი კანონი, რომელიც ეხება ასეთ შემთხვევებს, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქის პასპორტი გაცემულია ე.წ. რუსეთის საელჩოში ქალაქ სოხუმში, მაშინ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულად ითვლება“, – აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან, რომელმაც არჩილ ჩიტაის შესვლა აუკრძალა, Jnews-თან სატელეფონო საუბარში განმარტეს, რომ შეშვების ან არ შეშვების გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში მესაზღვრე იღებს.

„ის, რომ ოკუპირებული ტერიტორია არ არის იდენტიფიცირებული დაბადების ადგილის მიხედვით (არ არის იდენტიფიცირებული, როგორც სუვერენული ქვეყანა. რედ.), მაშინ მესაზღვრეს უფლება აქვს არ შეუშვას იგი ქვეყანაში. ადრე რატომ უშვებდნენ ასეთი პასპორტებით ადამიანებს, ვერ გეტყვით. მესაზღვრეზეა დამოკიდებული, ამის უფლება აქვს. ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა. თუ თქვენ გაქვთ მინდობილობა ამ პირისგან, რომელიც არ შემოუშვეს, შეგიძლიათ მობრძანდეთ საპატრულო პოლიციაში, დაწეროთ განცხადება და ოფიციალურად გიპასუხებენ, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში“.

მსგავსი შემთხვევები, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ, ხშირად ხდება, სხვადასხვა შემთხვევაში არის განსხვავებული მიზეზები, რომლებიც ყოველთვის არ არის გასაგები საზღვრის გადამკვეთისთვის.