სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ახალქალაქში დაბადებული, ცნობილი ქართველი თურქოლოგი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი აირჩიეს.
296589062_434891108592340_3949606576423329349_n

2022 წლის 27 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართულ-თურქული სამეცნიერო ურთიერთობის მორიგი წარმატებული გამოვლინება გახლდათ.

ბატონი როინის თქმით “საპატიო დოქტორის წოდება მეცნიერისთვის მეტად ამაღელვებელი განცდაა, ეს არის ერთგვარი პატივისცემის გამოხატულება იმ შრომისადმი, რომელიც მეცნიერს აქვს გაწეული”.

ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრო.
296473413_581772830102458_8444279509425405093_n
ორ ქვეყნის ისტორიკოსების მონაწილეობით ბოლო რამდენიმე წელია ტარდება საერთაშორისო სუმპოზიუმი ქართულ-თურქული ისტორიული ურთიერთობების თემაზე. 2021 წელს რიგით მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. სიმპოზიუმის თემა გახლდათ უახლესი პერიოდის ქართულ-თურქული ურთიერთობები, სწორედ ამ ნაშრომებმა მოუტანეს პროფესორებს როინ ყავრელიშვილს და იბრაჰიმ თელლიოღლუს საპატიო დოქტორის წოდება.

„ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიასთან დაკავშირებით თურქ ისტორიკოსებთან ერთად ჩატარდა ოთხი სიმპოზიუმი და ერთი სამეცნიერო სემინარი. თურქული მხრიდან სიმპოზიუმებს ორგანიზებას უწევდა ჩვენი კოლეგა იბრაჰიმ თელლიოღლუ, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო საქართველოს მხრიდან თქვენი მონა-მორჩილი. საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოიცა აღნიშნული სამეცნიერო სიმპოზიუმების შრომების ხუთი კრებული. ეს ნაშრომები გამოქვეყნდა ქართულ და თურქულ ენებზე, სტატიების დიდი ნაწილი ორივე ენაზე ვთარგმნეთ მე და ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ გელა გუნიავამ”, – ამბობს როინ ყავრელიშვილი.
296475290_400094755437951_7912582354810280335_n
მისივე თქმით, არ არის მარტივი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიკოსების თავმოყრა და ზოგიერთ საკამათო საკითხზე საერთო აზრის გამოტანა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საკამათო საკითხები ყოველთვის განიხილებოდა კოლეგიალურ ატმოსფეროში.

“ბევრ საკითხში ჩვენ და თურქი ისტორიკოსები ვერ ვთანხმდებით, მაგრამ საკამათო საკითხები ყოველთვის განიხილებოდა კოლეგიალურ ატმოსფეროში. ვეცნობით ისტორიის ტენდენციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ იმ ფაქტებს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო, კერძოდ, საქართველოს შესახებ თურქული წყაროებიდან და თურქეთის შესახებ ქართულ წყაროებიდან”.

როინ ყავრელიშვილს დაახლოებით 70-მდე სამეცნიერო სტატია აქვს სხვადასხვა ენაზე (ქართული, რუსული, თურქული, ინგლისური, სომხური) გამოქვეყნებული; მისი ავტორობითა და თანაავტორობით 5 წიგნია გამოცემული. იგი სომხეთში, თურქეთში, რუსეთში, ირანში, ისრაელში, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებში ღებულობს აქტიურ მონაწილეობას. არის რამდენიმე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.

როინ ყავრელიშვილი მრავალი წელია მუშაობს ჯავახეთში, იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის დირექტორი და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის რექტორი. ამჟამად, სხვაგან წაკითხული ლექციების პარალელურად, კითხულობს ლექციებს ახალქალაქში მდებარე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში.
296993997_359065786416097_5561518024794042484_n
“ჯავახეთი არის ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სწორედ აქ, ამ კუთხეში, მრავალეთნიკურ გარემოში ჩამომიყალიბდა მსოფლმხედველობა. შევეცდები
მას ღირსეულად ვემსახურო.“ – აღნიშნავს როინ ყავრელიშვილი.

როინ ყავრელიშვილი ასევე არის ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. ამას გარდა, 7 წელი იყო არტაანის (არდაჰანის) უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და არდაჰანის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების დამფუძნებელი.
2015 წელს როინ ყავრელიშვილს მიენიჭა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.