დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის ფერისცვალების დღესასწაულს (ვარდავარს), ხუთი მთავარი დღესასწაულიდან მესამეს, აღნიშნავს და ბავშვებს წლის ერთ-ერთ ყველაზე მხიარული დღე აქვთ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალქალაქის “სურბ ხაჩის” ეკლესიაში წირვა აღევლინა. ლიტურგია აღავლინა ტერ ნშან ჰამაიაკიანმა.
ვარდავარი სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთი მთავარი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც იესო ქრისტეს ფერისცვალებას. ვინაიდან ეს ის დღეა, როცა იესო ქრისტე მოციქულების – პეტრეს, იოანესა და იაკობის წინაშე თაბორის მთაზე გამოჩნდა. როცა ქრისტე თავის მოწაფეებს უკვე ღვთის ძედ ეჩვენა. სომხური სამოციქულო ეკლესია ვარდავარს აღდგომის შემდეგ 98 დღეში აღნიშნავს, 28 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
ვარდავარი- ერთ-ერთი უძველესი სომხური დღესასწაული. ქრისტიანობამდელი სომხები ამ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ძველ დროში ვარდავრის დღესასწაული სომხურ მითოლოგიაში დაკავშირებული იყო წყლის, სიყვარულის, ნაყოფიერების და სილამაზის ქალღმერთ ასთღიკთან. ვარდავარის დღესასწაული დიდი ხალხური ზეიმით აღინიშნებოდა. ასთღიკის ტაძარში ვარდებს ტოვებდნენ, მტრედებს ცაში უშვებდნენ და ერთმანეთს წყალს ასხამდნენ.
ვარდავარი წყლის თაყვანისცემის სიმბოლოც იყო, როცა ნაყოფიერების მჩუქებელ ძალებს მოუწოდებდნენ. ძველად, ივლისში, საველე სამუშაოების დამთავრებისა და ხორბლის მოსავლის შემდეგ, ჩვეული იყო გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობა, კურთხევა და მსხვერპლშეწირვა იმ ძალებისთვის, რომლებიც მინდვრებს ანიჭებენ ნაყოფიერებას.
ამ დღეს ბავშვები ნებართვის გარეშე ყველას ასხამენ წყალს. ტრადიციის თანახმად, წელიწადი იღბლიანი იქნება მათთვის, ვისაც ამ დღეს წყალს შეასხამენ.