სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც წარმოვადგენთ რეგიონის ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან საზოგადოებას, განცხადება გაავრცელეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია:
“ჩვენ ვეხმიანებით ევროკავშირის რეკომენდაციებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ შემდეგს:
1. მივესალმებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მეგობარ ქვეყნებს წარმატებას ვუსურვებთ.
2. გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტია.
3. გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა არის მყარი გარანტი, რათა დაცულ იქნას ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები, რადგან ევროკავშირია ის სივრცე, სადაც სრულად მოქმედებს სამართლის უზენაესობა, მონაწილეობითი თვითმმართველობა და დაცულია ღირსეული ცხოვრების, განათლებისა და შრომის პირობები.
4. გვესმის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული პერსპექტივა და გამოთქმული რეკომენდაციები გვანიჭებს დიდ პასუხისმგებლობას, რადგან ვაცნობიერებთ, თუ რა შანსის და ამავდროულად, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს მთელი ქვეყანა.
5. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ საკვანძო მომენტში, მთელ ქვეყანასთან ერთად, მნიშვნელოვანია რეგიონის სამოქალაქო აქტივიზმი ევროპული პერსპექტივისა და ღირებულებების დასაცავად და ყველა ღონეს მივმართავთ ამ მიზნისკენ.
მივმართავთ, საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ინსტიტუტებს, რათა გაითვალისწინონ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით”.