გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის მიმართულებით და უკან რეგულარული ფრენები დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების ასოციაცია ავრცელებს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს.
პირველი რეისი შტუტგარტიდან 20 ივლისის ღამით განხორციელდა. Eurowings-ის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 155 მგზავრი ჩამოიყვანა.
საქართველოს აეროპორტების ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ისინი უწყვეტად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანია Eurowings-თან მიმართულებების გაზრდის მიზნით.
„მოხარული ვართ, რომ Eurowings-მა გააფართოვა თავისი საქმიანობის გეოგრაფია საქართველოს საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა არჩუაძემ.
ამჟამად საქართველოს დედაქალაქიდან გერმანიაში რეგულარულ რეისებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს: Eurowings-ი, Lufthansa და Condor-ი. საუბარია ოთხ მიმართულებაზე: მიუნხენზე, ბერლინზე, დიუსელდორფზე და შტუტგარტზე.
ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფში 1993 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია არის საავიაციო ჰოლდინგ Lufthansa Group-ის (Lufthansa Group) შვილობილი კომპანია.
Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები 2021 წლის 4 ივლისს დაიწყო. ავიაკომპანია ამ დრომდე მხოლოდ დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის რეისით ახორციელებდა.