“USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში”, რომელიც ახალქალაქში სათესლე კარტოფილის წარმოებას ისახავს მიზნად, გრძელდება. პროგრამის მიხედვით, ამჯერად “აგრიას” ჯიშის კარტოფილის თესლის გამოყვანა დაიწყეს. წითელი მესხური კარტოფილის ჯიში, რომელიც პროგრამამ შარშან გამოუშვა, შეწყდა, რადგან ახალქალაქში ეს ჯიში პოპულარული ვერ გახდა.
პროექტში შემავალი კოალიციის ერთ-ერთი წევრის, სეირან ამაზარიანის თქმით, მას შემდეგ, რაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში აშენებულ საწყობში ათობით ტონა კარტოფილი გაფუჭდა, პროექტის ხელმძღვანელობამ მაინც გადაწყვიტა პროექტის ახალქალაქში გაგრძელება. დაიწყეს “აგრიას” ჯიშის სათესლე კარტოფილის წარმოება – პროგრამით “აგრიას” ჯიშის კარტოფილის 5000 ნერგი მიიღეს და ამრავლებენ.
„10 000 ცალი თესლი უნდა მივიღოთ, 20 000 გვინდოდა, მაგრამ დროზე ვერ მოვახერხეთ. „წითელი მესხური“ ჯიში დავამთავრეთ, ეს ჯიში წითელი იყო, წითელი ჯიში კი ჩვენთან პოპულარული არ გამოდგა. მოსახლეობისგან გავიგეთ, რომ მათ უნდათ “აგრიას” ჯიშის თესლი და გადავწყვიტეთ ამ კარტოფილის ჯიშის თესლი მოგვეყვანა“, – ამბობს სეირან ამაზარიანი.
მისივე თქმით, სათბურის პირობებში მიღებულ ნერგებს მინდორში რგავენ და იღებენ “სუპერ სუპერ ელიტის” კლასის, შემდეგ “სუპერ ელიტის”, შემდეგ “ელიტის”, შემდეგ “A” კლასის კარტოფილს, რომელსაც ფერმერები მოსავლისთვის რგავენ. იყიდება “A” კლასის კარტოფილს, თუმცა, სეირან ამაზარიანის თქმით, ახალქალაქელი ფერმერები მზად არიან იყიდონ “აგრიას” ჯიშის კარტოფილის “სუპერ ელიტის” ნერგებიც და თავად დათესონ.
„ალასტანში “აგრიას” ჯიშის მრავალი ნერგი უკვე დავრგეთ. აქ ბევრი ნერგი იყო, ყველა სოფელ ალასტანში დავრგეთ და ხვალ ამ ნერგებსაც წავიღებთ დასარგავად და ბოლოს “A” კლასის თესლს მივიღებთ. ჩიფსების წარმოებაში გამოიყენება “აგრიას” კარტოფილის ჯიში, გარდა ამისა, ჯიში თეთრია და პოპულარულია მოსახლეობაში“, – განმარტავს ის.
სეირან ამაზარიანის თქმით, მიღებულ სათესლე კარტოფილს ფერმერებს საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მიჰყიდიან.
სეირანი საუბრისას გვაჩვენებს ცარიელ მაგიდებს, სადაც ნერგები იყო.
“USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში” ახალქალაქში 2020 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალციხის ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტების თემებში შემავალ ფერმერებს და ფერმერულ სუბიექტებს სათესლე კარტოფილის წარმოებაში. ამ მიზნით ახალქალაქში აშენდა სათბური, სადაც ნერგები და თესლი გამოჰყავთ, ასევე აშენდა სამაცივრე სადგური.
2022 წლის გაზაფხულზე, კარტოფილის შარშანდელი მოსავალი საწყობში გაფუჭდა, რომელიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში აშენდა. საწყობში ელექტროენერგია არ იყო და შესაბამისად კლიმატკონტროლი არ იყო ჩართული, რის გამოც 90 ტონა “წითელი მესხური” კარტოფილიდან დაახლოებით 60 ტონა გაფუჭდა.
სეირან ამაზარიანის თქმით, მათ მოახერხეს საწყობიდან 20 ტონა გაუფუჭებელი კარტოფილის შერჩევა და სოფელ დილისკაში დაახლოებით 1 ჰა დარგეს, ასევე “სუპერ სუპერ ელიტის” კლასის თეთრი ჯავახეთის ჯიშის 300 კგ სათესლე კარტოფილი. სეირან ამაზარიანი ირწმუნება, რომ კარტოფილი ნორმალურად იზრდება. მოსავლის შემოდგომაზე გაყიდვას და ხარჯების დაფარვას აპირებენ.
სეირან ამაზარიანი ამბობს, რომ საწყობში ელექტროენერგია უკვე დამონტაჟდა და კლიმატკონტროლი ნორმალურად მუშაობს.
კიდევ ერთი წელი USAID-ის პროგრამა ფერმერებს კარტოფილის თესლის მოყვანაში დაეხმარება. თუმცა, კოალიციის წევრები იმედოვნებენ, რომ ახალქალაქში პროგრამა კიდევ 3 წლით გაგრძელდება.
USAID-ის პროგრამით მოყვანილი ტონობით კარტოფილი გადაყარეს
USAID აგრძელებს კარტოფილის თესლის პროგრამას ახალქალაქში