გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს. ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ ტრანშს ბლოკავს და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მილიარდი ევროს მიწოდებაზე გამოთქვამს თანხმობას. გამოცემა იტყობინება, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის თანხების საერთო ევროპული სესხის მეშვეობით გამოყოფას, როგორც ეს იყო კოვიდპანდემიის დროს.
როგორც მედია წერს, ლინდერი თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ სექტემბერში უკრაინამ შესაძლოა, ვერ გადაიხადოს 900 მილიონი ევროს ოდენობის საგარეო ვალი.
მანამდე უკრაინის ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტის ყოველთვიური დანაკლისი ხუთ მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხებს პარტნიორებისგან ელოდებოდა. გამოცემის ჟურნალისტების თქმით, ტრანშის დაგვიანება შეიძლება, იყოს გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზიც.
ევროკომისიამ ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინას გაზაფხულზე შესთავაზა, რის შემდეგაც ტრანში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაამტკიცეს. აღნიშნული თანხა უკრაინას სესხის სახით შესთავაზეს 25 წლის ვადით, უპროცენტოდ. ევროპული დახმარების პირველი ტრანში ერთი მილიარდი ევროს ოდენობით ევროპარლამენტმა 7 ივლისს დაამტკიცა.