11 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელები გარკვეული განცხადებების რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ.
კერძოდ, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებისა და დისტანციური სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან მოქალაქეთა (რომელთაც გააჩნიათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდი) მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტის დროს დამატებით შეიზღუდება, შემდეგი განცხადებების რეგისტრაცია:
• მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
• ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა;
• დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
„60 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, უკვე გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.