კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ საგანგებო რეჟიმის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. შემოიღეს ახალი შეზღუდვები. მათ შორის სავალდებულო ხდება სამედიცინო ნიღბების ტარება, განსაკუთრებით დახურულ შენობებში.
ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას მაღაზიები, აფთიაქები და დისტრიბუციის მანქანები.
იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა.
ახალი აკრძალვების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა განცხადება. მათივე განმარტებით, წესების გამკაცრება იმის გამო გახდა საჭირო, რომ მთელი რიგი შეზღუდვების მიუხედავად ვირუსის გავრცელების არე ფართოვდება, ხოლო მოქალაქეების გადაადგილების სიხშირემ არ იკლო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა არ დაემორჩილებიან ახალ წესებს და იქნება კანონის დარღვევის ფაქტები, ხელისუფლება იძულებული გახდება კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს ზომები, რაც შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებითი კარანტინის გამოცხადების საბაბი გახდეს.
“ზომების ყოველი გამკაცრება ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობით მხარდაჭერას და ქვეყანაში მსხვერპლის მინიმალიზაციას”, – განაცხადა მან.