საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა, მიიღო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში 6-თვეში შესაძლებელია სტატუსის მიღება.
3 მარტს საქართველომ შეიტანა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე. კითხვარი, რომელიც საჭიროა ევროკავშირში პროცედურის დასაწყებად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველომ დაჩქარებული წესით მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვაში შემჭიდროვებულ ვადებში შეავსო. 17 ივნისს ევროკომისიამ მოამზადა დასკვნა, რომელშიც მთავრობის გასაოცრად, საქართველო არ აღმოჩნდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი. უკვე სამი დღის შემდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროპის საბჭოს მოუწოდებს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი “დაუყოვნებლივ” მისცეს. საქართველომ კი რეკომენდაციები მიიღო.
საქართველოს 6 თვე მისცეს ყველა იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რის გამოც, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ექსპერტის, პოლიტოლოგის კახა გოგოლაშვილის თქმით, რეკომენდაციები ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული.
“ქართულ პოლიტიკაში არის საკითხები, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს აუცილებლად მოსაგვარებლად, სანამ ნდობას გამოუცხადებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. თუმცა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არასამართლიანია. მიმაჩნია, რომ არასწორი მიდგომაა შეაფასო რა სამართლიანია და რა უსამართლო. შესაძლოა უკრაინას და მოლდოვას თავისი ნაკლი აქვთ, მაგრამ ევროკავშირს თავისი მოსაზრებები აქვს. გადაწყვეტილება არ მიიღება ერთი პრინციპით. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. და აი, მათ გადაწყვიტეს, რომ მოლდოვას და უკრაინას ამ ეტაპზე უნდა მისცენ, საქართველოს კი 6 თვის მერე, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პრობლემას მოაგვარებს”, – ამბობს “რონდელის ფონდის” ექსპერტი პოლიტოლოგი, კახა გოგოლაშვილი.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის გახდება თუ ქვემოთ ჩამოთვლილ 12 რეკომენდაციას შეასრულებს, კერძოდ:
პოლიტიკურ პოლარიზაციას აღმოფხვრის. ამ საკითხებზე ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით“;
ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე;
მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. „უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას“. ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ;
გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას;
აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე;
გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნება ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე;
შექმნის თავისუფალ, პროფესიულ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. „სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“. ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს;
სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს;
„გააერთიანებს ძალისხმევას“ გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად;
ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში „ყველა დონეზე“;
მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“;
ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნება. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.
კახი გოგოლაშვილის მოსაზრებით, ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის ნებაზე. ხელისუფლების ლიდერები კი, თავის მხრივ უგუნურ განცხადებებს აკეთებენ.
“ევროკავშირი – ეს არ არის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები. ევროკავშირი ეს არის 27 ქვეყანა და მათ უკეთ იციან. მათ საკუთარი პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ და მათ მისდევენ. სამართლიანობის თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, შესაძლოა საქართველო არ ჩამორჩება დემოკრატიის, ან ეკონომიკის განვითარების ხარისხით, ან სამართლებრივ ნაწილში მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, მაგრამ ბოლო წლებში, როგორც მინიმუმ, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყველა შენიშვნას, ყველა მითითებას ეწინააღმდეგებოდა. 12 პუნქტიან რეკომენდაციებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რამდენი ნაკლი გვაქვს. საკითხი მხოლოდ იმაში არ არის, ვინ უკეთესია და ვინ უარესი; ვინ თანამშრომლობს და ვინ ცდილობს იყოს უკეთესი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი პრობლემები აქვთ, მოლდოვას მთავრობა ცდილობს ყველაფერში ევროკავშირს დაუჯეროს და ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ურჩევს ევროპა. პრეზენტაციის დროს იგივე თქვეს უკრაინის მთავრობის მიმართაც. უკრაინა ომით გამოცდას გადის და ამ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობა ბევრად უფრო ინტენსიურია აქვს. საქართველოზე ასე არ უთქვამთ. ზუსტად ვიცი, რომ ისინი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განაწყენებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულით და არა მხოლოდ”, – განმარტავს ექსპერტი.
მისი აზრით, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი ითამაშა ქართველი პოლიტიკოსების გამოთქმებმა კორუფციაზე, ევროკავშირის წევრების მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის უარყოფითმა შეფასებამ და ა.შ.
„ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება არაადეკვატურად იქცეოდა იმ შენიშვნებთან მიმართებაში, რაც მათ ევროკავშირიდან მიიღეს. რა თქმა უნდა, საქართველოს სტატუსის მიღება შეეძლო, თუ მეტი დიპლომატია იქნებოდა. მაშინ ამ 12 პუნქტის შესრულებაც ადვილი იქნებოდა. განვახორციელებდით სასამართლო რეფორმას, როგორც ამას ევროსაბჭოს ვენეციის კომისია გვირჩევს. უკვე დავასრულებდით საარჩევნო კოდექსის რეფორმას. არ იქნებოდა ასეთი პოლარიზაცია საზოგადოებაში და სხვა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
მისი აზრით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს მკაცრი ზომების გატარების გარეშე, როგორიცაა ხელისუფლების შეცვლა, რათა პოლიტიკური ვითარება არ გამწვავდეს, მხოლოდ ეს ხელისუფლება შეიცვალოს. თუმცა, აპირებს თუ არა ამას მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.