კარინე თედევოსიანმა ახალქალაქის არქივში 50 წელი იმუშავა, ახლა არქივის შენობის დაცარიელებულ კედლებში მხოლოდ მისი მოგონებებია. ჯერ კიდევ ვერ შერიგებია აზრს, რომ არქივი დაიკეტა და ის აღარ მუშაობს. თავისი დროის შევსებას შვილიშვილებით შეეცადა.
1972 წლიდან, 16 წლის ასაკში, კარინემ არქივში დაიწყო მუშაობა და მის დახურვამდე იქ იყო.
“ჩემი და არქივში მუშაობდა. შემდეგ ის დეკრეტში გავიდა და თითქოს დრო მოვიდა. ერთხელ შემთხვევით შევიარე მასთან და თამარა დავიდოვნამ დამინახა. იმ დროს ის არქივის ინსპექტორი იყო. მკითხა, რომელ კლასში ვსწავლობდი. ვუპასუხე, რომ სკოლას ვამთავრებ. მაშინვე დირექტორს უთხრა: “მარგარიან, შენ ეძებდი თანამშრომელს, აი, გოგონა”. დავწერე განცხადება და სახლში დავბრუნდი”, – ამბობს იგი.
არქივის თანამშრომლები, 1987 წ.
მას შემდეგ, რაც კარინემ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ჩააბარა, შეუდგა მუშაობას არქივში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად.
როგორც კი მუშაობას შეუდგა თავი იჩინა სირთულეებმაც, არ იცოდა საბეჭდ მანქანაზე სწრაფად ბეჭვდა, დღეებს ტირილში ატარებდა, მაგრამ შემდეგ, იმდენად გაიწაფა, რომ ყველაზე სწრაფად ბეჭდავდა.
“დამიდგეს საბეჭდი მანქანა, რათა ცნობები დამებეჭდა. ნელ-ნელა ვკრეფდი ასოებს, შემდეგ კი, სახლში ვტიროდი, რომ არ შემეძლო. დედა მპასუხობდა, – “ნუ მიდიხარ, რა გატირებს?” და ასე ყოველ დღე, სანამ ეს ყოველივე პროფესიად არ იქცა”, – ღიმილით ყვება ჩვენი რესპონდენტი.
50 წლის განმავლობაში ახალქალაქის არქივმა სამი შენობა გამოიცვალა. კარინემ 6 დირექტორთან და რამდენიმე ათეულობით თანამშრომელთან იმუშავა. როგორც თავად ამბობს, თანამშრომლებთან არასდროს ჰქონია სერიოზული პრობლემები ან დაპირისპირება.
მას ისე ძალიან უყვარდა თავისი სამუშაო, რომ გზას, რომლის გავლას 20-30 წუთს ანდომებდა, ზამთარშიც და ზაფხულშიც, ყოველთვის ფეხით გადიოდა.
არქივის თანამშრომლები, 2018 წ.
“სერიოზული პრობლემები არ გვქონია, ერთმანეთს შეურაცხყოფას არ ვაყენებდით. არავინ არავიზე არ ბრაზდებოდა, მსგავსი არაფერი მახსენდება. ბოლომდე შეკრული კოლექტივი გვქონდა, ახლა კი მხოლოდ მოგონებები გვრჩება და გვენატრება ის დრო”.
როგორც კარინე ამბობს, შენობიდან შენობაში გადადიოდნენ, მაგრამ ერთი დოკუმენტიც კი არ დაუკარგავთ, დღემდე უფრთხილდებოდნენ მათ. ყველა დოკუმენტის ადგილს თვალდახუჭული აგნებდა.
ამბობს, რომ შეეძლო სახლში დავიწყებოდა რაიმე ნივთის ადგილმდებარეობა, მაგრამ არქივში სულ ახსოვდა რა სად იდო.
ახლა, როცა უკან იყურება, არასდროს უფიქრია, რომ არქივში ასე დიდხანს დარჩებოდა, რომ ეს სამუშაო შეუყვარდებოდა.
“თავიდან, როცა სამსახურში სიარული დავიწყე, არ ვფიქრობდი, რომ იქ ასე დიდხანს დავრჩებოდი. ერთი წლის შემდეგ, როცა სამსახურში მიმიღეს, რაიკომში იყო ვაკანსია. მინდოდა იქ მუშაობა, მაგრამ არ მირჩიეს. მითხრეს, რომ ჩემი სამუშაო უკეთესი იყო, ხელფასიც მეტი მქონდა იმ მომენტში, 75 მანეთს ვიღებდი, რაც კარგ ხელფასად ითვლებოდა. აი, ასე შემოვრჩი”.
ახსოვს პირველად როგორ წავიდა დედასთან ერთად თბილისში ღონისძიებაზე – “ახალგაზრდა არიქივისტების აღმაფრენა”, რომელიც პირველად იმართებოდა. ამ ღონისძიებაზე ის წარადგინეს, როგორც არქივის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი.
როგორც კარინე ამბობს, არქივში მუშაობა ძალიან საინტერესოა. თითქოს მთელი ქალაქის ისტორია იცი.
“ვკითხულობდით ადამიანების ისტორიას, რომლებიც არასოდეს გასულა არქივის კედლებს იქით. ჩვენ გვქონდა საარქივო დოკუმენტები სახალხო სასამართლოდან, ნოტარიუსის დოკუმენტები. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო”.
როდესაც არქივის თანამშრომლებმა პირველად შეიტყვეს, რომ ახალქალაქიდან ახალციხეში უნდა გადასულიყვნენ, ძალიან მძიმედ მიიღეს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ კარგავდნენ იმედს და არ სჯეროდათ ამის.
“ძალიან არასასიამოვნო იყო, როცა შევიტყვეთ, რომ ჩვენი გადაყვანა სურდათ. სამსახური – ცხოვრებაა. თითქოს ჩემი ცხოვრება გაჩერდა. ეს ძალიან მძიმე შეგრძნება იყო. ვერაფრით ვეგუებოდი ამას. წარმოიდგინეთ, 50 წლის განმავლობაში, ყოველ დღე იღვიძებთ დილით, ემზადებით, მიდიხართ სამსახურში და უცებ… დღის განრიგი მქონდა შედგენილი, ყველაფერს ვასწრებდი, ახლა კი მთელი დღე სახლში ვარ”, – ამბობს კარინე თადევოსიანი.
როდესაც წიგნები და დოკუმენტები ახალციხის შენობაში გადაიტანეს, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი საკუთრება მიჰქონდათ.
“ცრემლები ყელში მებჯინებოდა, როგორ ეპყრობი ამ დოკუმენტებს 50 წლის განმავლობაში, ისინი კი რას აკეთებენ”, – ამბობს კარინე და თვალები ცრემლით ევსება.
ვერ ურიგდება იმას, რომ არ მუშაობს, როცა საათს უყურებს – მალე 17:00 გახდება, ანუ სახლში წასვლის დროა. ყოველ დილით იღვიძებს იმ განწყობით, რომ სამსახურში უნდა წავიდეს, შემდეგ კი ხვდება, რომ ის უმუშევარია.
ძალიან ცუდ პირობებში მუშაობდა, შენობა არ რემონტდებოდა, არ იყო გათბობა, შეშის ბუხრით თბებოდნენ, დღის ბოლოს კი ყურადღებით იყო, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩამქრალიყო, რათა უცაბედად ხანძარი არ გაჩენილიყო.
ქალს, რომელმაც არქივში 50 წელი იმუშავა, საკუთარი სამუშაო მაგიდა ჰქონდა, რომელიც მისმა შვილმა სახლში წაიღო, მას შემდეგ რაც არქივი დაიხურა. თავად კარინე კი დაჯდა კუთხეში, სადაც დირექტორმა ბოლოჯერ გადაუღო ფოტო ამ შენობაში. უყურებს ამ ფოტოს და თვალები ცრემლით ევსება, ცდილობს დამალოს ემოციები, მაგრამ არ გამოსდის.
უკანასკნელი სამუშაო დღე ახალქალაქის არქივში
ის არქივის თანამშრომლებს შორის ყველაზე უფროსი იყო, მაგრამ იმავე დროს ყველაზე “უმცროსი”, ყოველთვის ადუღებდა ყავას სხვებისთვის, როცა ჩნდებოდა პრობლემა, იძლეოდა რჩევას, ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, ამიტომ სამსახურში “მშვიდობის მტრედი” შეარქვეს.
რაც არ უნდა მეტად დატვირთოს საკუთარი თავისუფალი დრო კარინე თადევოსიანმა, აკეთოს სახლის საქმეები, გაზარდოს შვილიშვილები, ის გონებით ყოველთვის სამსახურშია, აწყობს და ახარისხებს ფურცლებს.
“ჩემს შვილიშვილებს ვზრდი, დროს სამზარეულოში ვატარებ, სახლს ვალაგებ და ასე ყოველ დღე. მაგრამ რაც არ უნდა ვეცადო, არ გამომდის არ ვიფიქრო ჩემს სამსახურზე”.
კარინეს თქმით, იმისთვის, რომ ერთ ადგილზე დიდხანს იმუშაო, აუცილებელია მოთმინების კარგი უნარი.
უახლოეს დღეებში კარინე თადევოსიანი და არქივის ყოფილი თანამშრომლები გეგმავენ შეიკრიბნონ, გაიხსენონ წარსულიდან სასიამოვნო ეპიზოდები, რომლებიც არც თუ ცოტა აქვთ.