ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალიდან მარგარიტა და ვოსკი ავაგიანები  სასწავლებლად თბილისში წავიდნენ, გარკვეული დროის შემდეგ კი საქართველოს პირველ არხზე დაიწყეს მუშაობა. დები სოფელში დაბრუნებას არ აპირებენ, თბილისში დარჩენა გადაწყვიტეს, რადგან აქ წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვთ.

ვოსკი ავაგიანი სომხური გამოცემა “მრავალფეროვანი საქართველოს” რედაქციაში 2017 წლის სექტემბრიდან მუშაობს. მანამდე, პირველ კურსზე სწავლისას საიტ Sputnik Грузия-ზე სტატიებს რუსულ ენაზე წერდა.

კმაყოფილია თავისი სამსახურით, იმიტომ, რომ საყვარელ საქმეს აკეთებს. მისი ოცნება იყო გამხდარიყო ჟურნალისტი.

რიტასთან დაკავშირებით ყველაფერი სხვაგვარად არის. პროფესიული საქმიანობა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში.

ამ დროისთვის ტყუპი დები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთად მუშაობენ. მარგარიტა – რეგიონალური კოორდინატორია, ვოსკი – ჟურნალისტი.

ორივემ “პირველი არხის” ვაკანსია ნახა, შეიტანეს განცხადება და აიყვანეს.

საკუთარი სოფლისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, იმავე დროს ახლოს არიან. მუდმივად ცხოვრებისთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებას არ აპირებენ.

Rita
მარგარიტა ავაგიანი

სოფელ ხანჩალში საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, დებმა უმაღლესი განათლების თბილისში მიღება გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის სხვა წევრებმა, მშობლებმა, უფროსმა დამ განათლება სომხეთში მიიღეს.

თბილისში სწავლის იდეა დაახლოებით მე-8 კლასში გაჩნდა. ისინი სამინისტროს პროგრამით დაინტერესდნენ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ქართველი სტუდენტები ეროვნული უმცირესობების საცხოვრებელ ადგილებში მიდია, ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ მათ ოჯახში, სკოლაში ქართულ ენას ასწავლიან.

“როდესაც მე-11 კლასში ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ამ წელს ახალგაზრდა მასწავლებელი ჩვენს სახლში იცხოვრებდა. ნინომ ზუსტად ერთი წელი იცხოვრა ჩვენს სახლში, მასთან ურთიერთობითა და ინფორმაციის ძიებით ვეცადეთ მიზნისთვის მიგვეღწია. ალბათ, ზუსტად ეს ურთიერთობა დაგვეხმარა დარწმუნებულები ვყოფილიყავით საკუთარ არჩევანში და ზუსტი ნაბიჯები გადაგვედგა”, – ამბობენ დები ავაგიანები.

Voski AVAGYAN
ვოსკი ავაგიანი 

უნივერსიტეტში ჩაბარებისას ვოსკის სწავლის რუსულ ენაზე გაგრძელება სურდა. მან აირჩია პროექტი “1+4”, ჩააბარა 4 გამოცდა და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მარგარიტას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩია. უნივერსიტეტში ყოველთვის ნინოსთან ერთად დადიოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იქ ისწავლიდა. პროგრამა “1+4”-ის მოსამზადებელ კურსზე ჩაირიცხა. ერთი პროფესიით ის სლავური ენების სპეციალისტია, მეორეთი – სოციოლოგი.

სხვადასხვა უნივერსიტეტებში განათლების მიღების შემდეგ, დები განსხვავებული ინტერესებისა და წეს-ჩვეულებების ადამიანებთან ურთიერთობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები და გარემოცვა სხვადასხვა ჰყავთ, ისევე როგორც პროფესია, ტყუპმა დებმა ერთად მუშაობა გადაწყვიტეს. დროთა განმავლობაში მათთვის აშკარა გახდა, რომ თბილისში უნდა დარჩენილიყვნენ.

“მარგარიტას მოსამზადებელი კურსიდან უკვე მივხვდით, რომ თბილისშ უნდა დავრჩენილიყავით. ცოტათი შევიქებთ თავს, ჩვენ ძალიან შრომისმოყვარეები ვართ, თითქოს ვგრძნობდით კიდეც, რომ დედაქალაქში დავრჩებოდით. აქ ბევრი შესაძლებლობებია, ბევრი მეგობარი შევიძინეთ, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ, გვასწავლიდნენ და გვეხმარებოდნენ”, – ამბობს ვოსკი.

ორივე დამ ბაკალავრის წოდება მიიღო და მაგისტრატურაში ჩააბარეს. თბილისში თავს ძალიან კარგად გრძნობენ, აქვთ საყვარელი სამსახური და აქედან შეუძლიათ საკუთარ რაიონსა და სოფელს დაეხმარონ.

“ყოველთვის ვცდილობთ სარგებელის მოტანა შევძლოთ. ეს შესაძლოა იყოს ინფორმაციის მშობლიურ ენაზე გადაცემა ან რაღაც სხვა. ძალიან ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თბილისში განათლების მიღების საკუთარ სოფელში ბრუნდებიან, რათა ეს ცოდნა სხვას გადასცენ და საკუთარი თემის განვითარებაში წვლილი შეიტანონ. ამ საქმეს გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო”, ამბობენ დები ავაგიანები.

“აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ, სოფელში კი ჩვენი აქტიურობა შეზღუდულია. ჩვენ ძალიან საინტერესო დღეები გვქონდა, ვერ შევძლებდით საკუთარი ენერგიის სოფელში დახარჯვას. ეს ხელს შეგვიშლიდა თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად, სპეციალისტებად გვეგრძნო. განვვითარებულიყავით პროფესიულად – ეს ყოველივე არის მიზეზი იმისა, რომ აქ დავრჩით. თბილისში უკვე 7 წელია ვართ”.

ისინი ყოველთვის ინარჩუნებენ კავშირს ნინოწმინდასთან. 2-3 კვირაში ერთხელ ჩადიან სახლში.

RITA AVAGYAN
მარგარიტა ავაგიანი 

ინტეგრაციის პრობლემა არ ჰქონიათ. “არანაირი გართულებები არ გვქონია, სინამდვილეში ინტეგრაცია იოლად გამოვიდა. ორივემ ვიცით რუსული, რიტამ კიდევ ინგლისური იცის, რომელიმე სიტყვა თუ დაგვავიწყდა, ეს ორი ენა მაშინვე გვეხმარება”, – ამბობს ვოსკი.

ისინი მიიჩნევენ, რომ სომეხი ახალგაზრდები საკმარისად ინტეგრირებულები არიან, პროცესი ნელა მაგრამ მიდის.

“ჩემი აზრით, ინტეგრაციის პროცესი არა მხოლოდ სომეხ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, არამედ ეს პრობლემა ორმხრივია. ქართულმა საზოგადოებამ ისეთივე ნაბიჯები უნდა გადადგას, ჩვენ თუ ვეცნობით ქართულ ენას და კულტურას, მათაც იგივე უნდა გააკეთონ”, – ამბობს მარგარიტა.

ტყუპები ამბობენ, რომ ისინი აქტიურები უნდა იყვნენ. შეინარჩუნონ იდენტობა, აჩვენონ, რომ ისინი ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და თანაბარი უფლებები აქვთ. და რომ ყველაფერი არ უნდა იყოს მოჩვენებითი.

voski
ვოსკი ავაგიანი 

დების ნებისმიერი გადაწყვეტილებას მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ,  ყოველთვის მათ გვერდში იყვნენ, თვლიდნენ, რომ გოგონები მიაღწევდნენ თავიანთ მიზნებს. მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა იმის გამო, რომ ორივე თბილისში დარჩენილიყო. არ ზღუდავდნენ, მშობლებს სჯეროდათ და სჯერათ მათი ქალიშვილების სიძლიერის.

ორივე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები არიან, ძალიან განსხვავდებიან და ავსებენ ერთმანეთს.

ვოსკი უფრო მშვიდია, უფრო დიდხანს ფიქრობს, დრო სჭირდება. რიტას შემთხვევაში პირიქითაა – ის მაშინვე მოქმედებს, უფრო თამამია. და ეს ორი ენერგია შერეულია, რაც მათ აძლევს ძალას იყვნენ საქართველოს კარგი მოქალაქეები, კარგი სომხები და უბრალოდ კარგი ადამიანები.