კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყნის დიდი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, 15 აპრილიდან, 10 დღით იკეტება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში შეზღუდვები 15 აპრილის 21:00 საათიდან ამოქმედდება. აკრძალვა არ ვრცელდება ქალაქებში შიდა გადაადგილებაზე.
პრემიერის თქმით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო. ამის გამო, გიორგი გახარია პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაახანგრძლივოს.
31 მარტიდან ქვეყანაში “ფაქტობრივი კარანტინი” და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის ოთხი და ხაშურის ერთი სოფელი.
საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 69 და გარდაიცვალა 3 ადამიანი.