ანუშ კარსლიანი ნინოწმინდიდან ბავშვობიდან ოცნებობდა გადაეცურა ოკეანე, ეცხოვრა და ემუშავა ნიუ-იორკში. უკვე 2019 წელს გადავიდა აშშ-ში. ამჟამად ოფისმენეჯერად მუშაობს, პარალელურად გადის სტაჟირებას გაეროში, მაგრამ მას კიდევ ერთი მიზანი აქვს – იმუშაოს გაეროს შტაბ-ბინაში, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს.
ანუში დაიბადა და გაიზარდა ნინოწმინდაში, სწავლობდა ქალაქის საჯარო სკოლა N3-ში, ეზოში ბავშვებთან თამაშისას ყოველთვის ღიად ფიქრობდა ნიუ-იორკში ცხოვრებაზე. ტრადიციულ სომხურ ოჯახში გაზრდილმა გოგონამ, რომელსაც თავისი ოცნების ქალაქი მხოლოდ კინოში ჰქონდა ნანახი, მეხუთე კლასიდან დაიწყო ფილმების ინგლისურ ენაზე ყურება, უსმენდა ინგლისურ სიმღერებს და დადიოდა ინგლისური ენის მასწავლებლებთან.
პროფესიაც საკუთარ ოცნებას დაუკავშირა. 2012 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტში პროგრამით – “4 + 1” ჩააბარა. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში დარჩენა და მუშაობა სურდა, მაგრამ საბოლოოდ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა. ნინოწმინდის მერიაში მუშაობის პარალელურად სკოლაში მოხალისედ მუშაობდა და მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარებოდა.
„რა თქმა უნდა, თბილისში მინდოდა მუშაობა, მაგრამ ჩვენი თაობებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ნინოწმინდაში დაბრუნება“, – ამბობს ანუში.
მთელი ამ დროს განმავლობაში ის არ წყვეტდა ნიუ-იორკზე ფიქრს, ერთადერთი და ერთი შეხედვით მარტივი გზა იყო Green card-ის მიღება.
„მწვანე ბარათის შესახებ ყოველთვის მესმოდა და მაინტერესებდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შემეძლო განაცხადის გაკეთება და მოგება. გასაუბრება წარმატებით გავიარე. ერთი წელი დამჭირდა ყველა საბუთის მოსამზადებლად, გასაუბრება ჩემთვის მარტივი იყო, რადგან ვიცოდი, რისთვისაც მივდიოდი და რაც მთავარია, ინგლისური ვიცოდი“, – ამბობს ანუშ კარსლიანი.
და აი, 2019 წელს, გოგონა ნინოწმინდიდან ნიუ-იორკში მიდის.
თავიდან გაუჭირდა დიდ და ხმაურიან ქალაქში, რადგან იქ არავინ ჰყავდა. ანუშმა არ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით, ფიქრობდა, რომ ასე ფინანსურად დამოკიდებული იქნებოდა. მოძებნა ბინა, სამსახური, დაზღვევა, ყველაფერი თავისით გააკეთა.
„ეს ქალაქი ძალიან საინტერესოა, აქ ცხოვრება დუღს დღის ყოველ საათში, აქ შეგიძლია მიაღწიო დიდ მიზნებს, რასაც სხვაგან ვერ გააკეთებ, ეს შესაძლებლობების ქვეყანაა. რაც მთავარია, ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს“.
თავიდან ანუშს გაუჭირდა ორიენტაცია, როგორ ესარგებლა მეტროთი, მაგრამ ამბობს, რომ მეტროში ადვილია გადაადგილება, ვიდრე ავტომობილით, რადგან აშშ-ში ძალიან ბევრი საცობებია. ყურადღებას არ აქცევდა ვირთხებს, რომლებიც თავისუფლად დასეირნობენ მეტროში. ის სამსახურში ყოველ დღე მეტროთი მიდის.
როდესაც მის ბინაში ეზოდან ციყვები შევიდნენ, ანუშს თავიდან ძალიან შეეშინდა, ახლა ეს ბუნებრივი მოვლენაა.
ამერიკაში ძალიან გააოცა იმ ფაქტმა, რომ ადამიანებს სარეცხი სამრეცხაოში მიაქვთ.
“პირველი ხანები რთული იყო, მაგრამ რადგან საკუთარი სურვილით ჩამოვედი, ყველაფერი უნდა გადამელახა. დავიწყე სამსახურის ძებნა, პარალელურად დავდიოდი სხვადასხვა კურსებზე – მენეჯმენტი, მარკეტინგი”, – ყვება ანუში.
მშობლები სერიოზულად არ უყურებდნენ მის მისწრაფებას, ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ ანუშის ოცნება განუხორციელებელი დარჩებოდა.
“ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ყოველთვის მინდოდა ამერიკაში წასვლა, მაგრამ არ ეგონათ, რომ ეს რეალობა გახდებოდა. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ყველა ოცნებობს, მაგრამ ვერ მიდიან. მოჰყავდათ სხვადასხვა მაგალითები, – ამის და იმის შვილი ოცნებობდა ამერიკაში წასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ გათხოვდა”, – სიცილით ყვება ანუში.
როდესაც შეიტყეს, რომ მათმა ქალიშვილმა Green card-ი მოიგო, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რომ მათი ქალიშვილი მარტო წავიდა აშშ-ში.
აშშ-ში ანუში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებთან მეგობრობს, მათ შორის ქართველებთან. ცდილობენ ერთმანეთს მხარში დაუდგნენ.
ანუში საცხოვრებლად ნინოწმინდაში არ დაბრუნდება, რა თქმა უნდა, მშობლებს რეგულარულად მოინახულებს, მაგრამ ამიერიდან სამომავლო გეგმებს მხოლოდ აშშ-ს უკავშირებს.
ის გვირჩევს: „თუ გაქვთ ოცნებები, მიზნები, მაშინ იარეთ წინ თავდაჯერებული ნაბიჯებით თქვენი ოცნებების რეალიზაციისთვის. ყურადღება არ მიაქციოთ სხვების აზრს, რადგან აუცილებლად იქნება ერთი ან ორი ადამიანი, ვინც რაღაც გულსატკენს გეტყვით“.