საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევრკოკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა საჭიროა, რომ ეს რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული და შესრულდეს პირობები, რაც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთვლილი.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გააგრძელებს მცდელობას, რომ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესმა წინ წაიწიოს.
„კანდიდატის სტატუსის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა, ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი, რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის ან ქვეყნის „გადაგდება“, კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, „გადააგდებ“ და ეს არის და ეს. და ძალიან მარტივიც არის. ასე რომ, ჩვენ მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ აწი. დავიწყებ საკუთარი თავით, რა უნდა გავაკეთო. მე უნდა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე, რაც არის მცდელობა. უნდა გავააქტიურო ეს მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი წინ წავწიოთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, უფრო მეტად ქალების, რადგან დარწმუნებული ვარ, გვაქვს მეტი ემპათია და გვესმის, რამდენად არის ეს საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე გავიზარდოთ, ამით გავიზარდოთ, დავწყნარდეთ და შედგეს ელემენტარული კონსენსუსი, რომელიც არის სიაში პირველი მოთხოვნა. ეს არის, რასაც ითხოვენ ჩვენგან პირველად გასაკეთებლად. ჩვენგან – მე ამ პროცესში, თავისთავად საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, მათი პასუხისმგებლობაც ეს არის. რა მოეთხოვება მთავრობას პირველ რიგში, რამეთუ ბოლო წელიწადი, როგორც იმ დღეს აღვნიშნე და აღარ დავუბრუნდები, რადგან მერე კიდევ წამოვა ამაზე გაუგებარი პასუხები. ეს კი არ არის რაღაც პოლემიკა, რომ მე შენ გეტყვი და შენ მიპასუხებ, ქვეყნის ბედია, რომელიც დგას სასწორზე და ძალიან მკაფიოდ გითხრეს სხვებმა, რა არის გასაკეთებელი, ჩემი სათქმელი რაღა იყო. ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე წერია, აბა რაღა ვქნათ. პირობითად, მაგრამ გვაძლევენ 2022 წლის ბოლომდე გვაძლევენ დროს, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუკი ნამდვილად გვინდა კანდიდატის სტატუსი. გვინდა ხომ? ვიცით, რომ 85 პროცენტს უნდა. ასე რომ, გავაკეთოთ. ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, ექვსი თვე აქვს. და ექვსი თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისაგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, არამედ საზოგადოებისგან.
ამის გარდა, საზოგადოების პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საქმეა გასაკეთებლი, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. დღეს არანაირი დესტაბილიზაციის დრო არ არის, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში, როცა რუსეთის ნებისმიერი რეაქცია მოულოდნელია. ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როდესაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპიოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე. ამავე დროს, მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.
რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. კიდევ ერთხელ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ყოველ შემთხვევაში ნაწილის, რომელიც ასე იქცეოდა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას. შეუდგეს აქ მუშაობას, რათა ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. მაგალითად, დავუბრუნდები იმ არაჩვეულებრივ იდეას, რაც მქონდა და წინადადება, რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას. შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იქნება მიძღვნილი, რა უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ 2022 წლის ბოლომდე წარმატებულად. მგონია, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ იყოს კომისიის თუ სამუშაო ჯგუფის სათავეში, იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის. მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში, სხვათა შორის კომენტარები დღეს უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ გვინდა ევროპულობა და თუ ასეთი რამ შეიქმნება, ეს იქნება პოლიტიკურად ყველაზე სწორი სხვლა, რადგან გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე, რათა მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი პოზიტიური შედეგი, წარმატება 2022 წლის ბოლოს. ასე რომ, არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება კი, მაგრამ საქმე ერთად, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. დრო აღარ არის არც ვიღაცის ლანძღვის, არც სხვადასხვა ბრალდების, გადაბრალების და გადმობრალების. საქმის დროა და საქმე აღარ ითმენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.