ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში მცხოვრები ახალგაზრდები სწუხან, რომ სოფელში არ არის ადგილი, სადაც შეძლებდნენ ფიზიკურად ივარჯიშონ. სოფლის საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხიდან უკვე, რამდენიმე წელია სოფელ ხანდოში სპორტული დარბაზის ასაშენებლად გარკვეული თანხა გამოიყოფა, მაგრამ დამატებითი დახმარების გარეშე მშენებლობა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
არმენ მარგანირიანი 20 წლისაა, ის სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, სხვა თანატოლი თანასოფლელების მსგავსად არ მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ. ამბობს, რომ სოფელში არ არსებობს ადგილი, სადაც თავისუფალ დროს წავიდოდა და დაისვენებდა, სპორტით დაკავდებოდა.
“ჩვენ ვიცით, რომ მშენებლობისთვის დიდი ფულია საჭირო. ვიმედოვნებდით, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით არ გვეხმარებიან. იმის უფლება მაინც მოგვცენ, რომ სკოლის სპორტულ დარბაზში ვივარჯიშოთ, მართალია, ისიც სარემონტოა, მაგრამ ნაკლები ხარჯის გაღება იქნება საჭირო”, – ამბობს არმენ მარგარიანი.
არც სკოლის სპორტული დარბაზია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, სკოლა მას შეშის შესანახად იყენებს, თუმცა, დეპუტატი სარგის მელიქიანი ამბობს, რომ სკოლის დირექციამ მიმართა განათლების სამინისტროს სპორტული დარბაზის რეაბილიტაციის ნებართვაზე.
“შარშან სოფლის საჭიროებებზე გამოყოფილი თანხა სპორტული დარბაზის აშენებას მოვახმარეთ, მიმდინარე წელს ასევე დავხარჯავთ ფულს ამ საქმეზე, მაგრამ მომავალი წლისთვის ვაპირებთ ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართოთ, რათა გამოყონ ფული და მომავალ წელს დავასრულოთ დარბაზის მშენებლობა. სკოლის დირექციას მივმართეთ, როგორც გვითხრეს დარბაზის რეაბილიტაციის ნებართვას ელოდებიან. წლეულს თუ გაარემონტებენ, უკვე შემოდგომით შევძლებთ ტრენაჟორების დამონტაჟებას და გაკვეთილების შემდეგ ახალგაზრდები ვარჯიშს შეძლებენ, სანამ სოფლის სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდება”, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა სარგის მელიქიანმა.
შარშან გაამზადეს საძირკველი და საყრდენი ბოძები. მიმდინარე წელს შენობის მშენებლობას დაასრულებენ.
სოფლის ახალ სპორტულ დარბაზში განთავსდება მაგიდის ჩოგბურთი და ტრენაჟორები. როგორც სოფლის ახალგაზრდები ამბობენ, ტრენაჟორები უკვე მოიტანეს.
“რადგან ტრენაჟორები უკვე გვაქვს, ისინი სოფელშია, შეეძლოთ ჩვენთვის ადგილი გამოეყოთ, სადაც შევძლებდით ვარჯიშს, სანამ შენობა მზად იქნებოდა. ახალგაზრდობისთვის სოფელში არანაირი გასართობი არ არის, ყველა ეწევა, ან სვამს უსაქმურობისგან”, – ამბობს სევაკ ხაჩატრიანი.
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფელ ხანდოსთვის გამოყოფილი 20 000 ლარი მთლიანად სპორტული დარბაზის მშენებლობას მოხმარდა. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს ჯერ არ დაწყებულა.